ბლოგი

როლან ბარტი | ცოტა რამ ფილოსოფოსის შესახებ

როლან ჟერარ ბარტი მე-20 საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსი, სემიოტიკოსი, სოციოლოგი და ლიტერატურათმცოდნე გახლდათ.

იგი 1915 წლის 12 ნოემბერს, ნორმანდიაში, საფრანგეთში დაიბადა. მამა, ლუი ბარტი, საზღვაო ოფიცერი იყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს, ბარტის პირველ დაბადების დღემდე, ომში, ჩრდილოეთის ზღვაში დაიღუპა. მომავალი ფილოსოფოსი დედამ, ჰენრიეტე ბარტმა, დეიდამ და ბებიამ გაზარდეს.

ბარტი შეძლებული ოჯახიდან იყო, მისი ბაბუა ცნობილი მკვლევარი და კოლონიური ადმინისტრატორი იყო, მაგრამ მას მიზეზი ჰქონდა უარი ეთქვა იმ კლასზე, რომლიდანაც მოდიოდა – თავად ძალიან ღარიბი იყო. მდიდარი ბებია, რომელიც პარიზთან ახლოს ცხოვრობდა, არაფერს აკეთება თავის შვილიშვილისთვის.

“არა მამა მოსაკლავად, არა ოჯახი შესაზიზღად, არანაირი გარემოება უარსაყოფად, იდეალური ოიდიპური ფრუსტრაცია” – ხუმრობდა ის.

როდესაც როლან ბარტი 11 წლის გახდა, ოჯახი ნორმანდიიდან პარიზში გადაცხოვრდა. სტუდენტური წლები (1935-39) ბარტმა სწორედაც რომ პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში გაატარა, სადაც კლასიკური ლიტერატურის განხრით სწავლობდა.

ფრანგ ლიტერატურათმცოდნეს ახალგაზრდობიდანვე უწევდა ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლა. იგი 19 წლის იყო, როდესაც ტუბერკულოზმა თავი პირველად იჩინა. დაავადებამ ბარტს აკადემიური კარიერის შექმნაში ხელი შეუშალა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასვლა ვერ მოახერხა.

1939 წლიდან 1948 წლამდე ბარტი სწავლობს გრამატიკასა და ფილოლოგიას, აქვეყნებს მის პირველ შრომებს და მაგისტრის ხარისხს იღებს ტექსტში “ტრაგედია და კულტურა”.

1948-1950 წლებში ბარტი ასწავლის ბუქარესტსა და ალექსანდრიაში, იმავდროულად იწყებს ლიტერატურულ-პუბლიცისტურ მოღვაწეობას გაზეთ კომბში, აქვეყნებს სტატიათა ციკლს, რომლებშიც ეგზისტენციალიზმის მარქსისტულ იდეებთან შერიგებას ცდილობს.

ბარტი, როგორც კრიტიკოსი, მხარს უჭერს მემარცხენე პოლიტიკურ თეორიებს. იგი წერს მთელ რიგ სტატიებს ბრეხტსა და ჟან ვილარზე. ამასთანავე, ბარტის, როგორც თეორეტიკოსის ინტერესები იზრდება ენის თეორიის პრობლემებისადმი – ლინგვისტიკისა და სემიოტიკისადმი.

მასზე დიდი გავლენა იქონია ფერდინანდ დე სოსიურის ლექციებმა: „საერთო ლინგვისტიკის კურსი“, რომელიც 1955 წელს მოისმინა). ამ პერიოდის ბარტის სემიოტიკური გამოკვლევები ძირითადად ეძღვნება მრავალფეროვან საზოგადოებრივ მოვლენებს, რომლებიც ენობრივი ფორმების მსგავსად ფუნქციონირებს. 

როლან ბარტს, როგორც მკვლევარს, ფართო ინტერესების სფერო ჰქონდა. იგი იკვლევდა მუსიკას, მოდას, ფოტოგრაფიას, პოლიტიკისა და პოპკულტურას.

იგი 1950-იან წლებში გამოჩნდა საფრანგეთის ინტელექტუალურ სარბიელზე. ეს საფრანგეთისთვის რთული პერიოდია: ერთი მხრივ, ფაშისტური გერმანიისგან ოკუპაციის შემდეგ, შარლ დე გოლი ცდილობს ნაციონალისტური სიამაყის აღდგენას ქვეყანაში, ხოლო, მეორე მხრივ, საფრანგეთი იმპერიული კრიზისის წინაშე დგას, რაც მის კოლონიასთან – ალჟირთან – სისხლიანი სამხედრო დაპირისპირებით არის განპირობებული. ასეთი დაძაბული ვითარების ფონზე, ასევე მიმდინარეობს სწრაფი მოდერნიზაცია, რომელიც მას-კულტურის გავრცელაბაში და საშუალო კლასის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებაში გამოიხატება.

მისი ნაშრომი ”წერის ნულოვანი ხარისხი” (1953) თავდაპირველად ალბერ კამიუს ჟურნალ ”კომბაში” გამოქვეყნდა, რამაც ავტორი მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთ წამყვან კრიტიკოსად აქცია. მასში ბარტმა შემოიტანა ”წერის” ნულოვანი კონცეფცია, რომელიც სტილისგან, ენისგან და მწერლობისგან გამიჯნა

“როლან ბარტის ნაშრომებმა იმოქმედეს ისეთ თეორიულ სკოლათა განვითარებაზე, როგორებიცაა სტრუქტურა­ლიზმი, სემიოლოგია, ეგზისტენციალიზმი, მარქსიზმი, პოსტსტრუქტურალიზმი… ერთი რამ, რაც ბარტის ნააზ­რევს აერთიანებდა, რადიკალური ეგალიტარიზმი, საყო­ველთაო თანასწორობის კონცეფცია იყო.  განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბარ­ტის მიდგომის არსი: მას სააზროვნო სკოლა არ შეუქმ­ნია, არც საკუთარი თავის მოდელირება უცდია საკუთარი თეორიის მიხედვით. ბარტის ნააზრევი ყოველთვის სტა­ბილობასა და მუდმივობას ეწინააღმდეგებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ არ არსებობს აზროვნების კანონი, მოდე­ლად რომ გამოვიყენებთ. ამდენად, ისინი, რომლებიც ინ­დივიდუალურ აზროვნებასა და ადაპტირების უნარს კონ­ფორმიზმსა და ორთოდოქსალიზმზე მაღლა აყენებენ, რომლებსაც კულტურაში ერთი რომელიმე მნიშვნელობა ურყევად არ მიაჩნიათ, თავისუფლად შეიძლება, ბარტის მიმდევრებად მივიჩნიოთ.” – აღნიშნულია “წერის ნულოვანი ხარისხის” აღწერაში.

მოგვიანებით, 1957 წელს ესეისტი მორიგ ესეების კრებულს, “მითოლოგიებს” აქვეყნებს. იგი ამ ესეებში 1950-იან წლებში საზოგადოებაში გაბატონებული მითების შესახებ იუმორშეზავებულ ანალიზს გვთაბაზობს. აღსანიშნავია, რომ ბარტთან მითის ცნება იდეოლოგიის ცნებას უახლოვდა და ტექსტებში კლასიკურ მითებთან ერთად, ვხვდებით ისეთი იდეოლოგიური ნიშნების ანალიზს, რომელიც იმდროინდელი საფრანგეთის ყოველდღიურობაში იმალება, დაწყებული საარჩევნო ფოტოგრაფიიდან, დამთავრებული სარეცხის ფხვნილის რეკლამებამდე.

“მთელი საფრანგეთი ამ ანონიმური იდეოლოგიის მონაწილეა: ჩვენი პრესა, ფილმები, თეატრი, ლიტერატურა, რიტუალები, სასამართლო სისტემა, დიპლომატია, საუბრები, ჩვენი შეხედულებები ამინდის, მკვლელობის, სასამართლოს, ქორწილის, სამზარეულოს, სამოსელი, რომელიც ჩვენ გვაცვია, ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში დამოკიდებულია იმ გამოსახულებაზე, ანუ რეპრეზენტაციაზე, რომელსაც ბურჟუაზიას აქვს და ასევე ჩვენც თავს გვახვევს სამყაროსა და ადამიანებს შორის დამოკიდებულებასთან მიმართებაში” – ამბობს ფილოსოფოსი.

60-იანი წლების დასაწყისში ბარტი სტრუქტურალისტურ პოზიციებზე გადადის. მის მიზნად იქცევა არა მხოლოდ აღწერილობითი, არამედ კრიტიკული, მეთოდოლოგიურად დასაბუთებული სემიოლოგიის შექმნა. 1964 წელს მან დაწერა „მოდის სისტემა“ – „Système de la mode“ (გამოქვეყნებულია 1967 წელს), ხოლო 1965 წელს ვრცელი სტატია – „სემიოლოგიის საფუძვლები“ („Éléments de Sémiologie“). ამასთან ერთად თავის მონოგრაფიაში „რასინის შესახებ“ (1963) ბარტი სემიოლოგიისადმი სამეცნიერო-კვლევითი, პოზიტივისტური მიდგომის წინააღმდეგ გამოდის. იგი ემხრობა ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების მრავალრიცხოვანი საშუალებით ახსნა-განმარტებას.

როლან ბარტის ლიტერატურული სტილის რელევანტურობა თავდაპირველად სადავო იყო. მოაზროვნეთა ერთი ნაწილი, ტექსტების თემატიკის ექსცენტრულობისა და საჭიროების არ არსებობის გამო, მას მარტივ, პრიმიტიულ აზროვნების წესად მიიჩნევდა, სხვები კი მასში ბრწყინვალე თეორიებს ხედავდნენ. მოგვიანებით, 1970-იანი წლების ბოლოდან ბარტის ინტელექტუალური სტატუსი წარმოუდგენლად იცვლება. იგი პოპულარული ხდება არა მარტო ევროპაში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და გავლენას ახდენს ისეთ დიდ ფილოსოფოსებზე, როგორებიც არიან, ჟაკ ლაკანი, მიშელ ფუკო, ჟაკ დერიდა და მისი სტუდენტი – იულია კრისტევა.

ამავე რეპუტაციით აქვეყნებს ფრანგი მკვლევარი ბოლოდროინდელ ორ წიგნს “ანტიავტობიოგრაფია, როლან ბარტი როლან ბარტის მიხედვით” (1975) და “სიყვარულის დისკურსი: ფრაგმენტები შეყვარებულის საუბრიდან” (1977).

70-იანი წლებიდან ბარტისათვის იწყება ახალი შემოქმედებითი ეტაპი – პოსტ-სტრუქტურალისტური. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი წიგნებია – S/Z (1970 წ.), რომელიც ბალზაკის მოთხრობის „სარაზინის“ შესაძლო ამოკითხვის საფუძველზეა შექმნილი. ბარტი მრავალ აზრობრივ კონცეფციას ავითარებს, რაც სხვადასხვა მიმართულებით ვლინდება: „ნიშანთა იმპერია – „L’Empire de signes“ (1970) – სემიოლოგიური ნარკვევი იაპონიის კულტურაზე; „სადი, ფურიე, ლოიოლა“ („Essais sur Sade, Fourier, Loyola“, 1971) და „ტექსტის ტკბობა“, „Le plaisir du texte“, 1973).

1977 წელი ბარტის შემოქმედების მწვერვალად ითვლება. იანვარში მან თავისი პირველი საჯარო ლექცია წაიკითხა კოლეჟ დე ფრანსის პროფესორის რანგში, ლიტერატურული სემიოლოგიის კათედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო ხარისხის ნაცვლად მას მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი ჰქონდა, ის ამ თანამდებობაზე მაინც აირჩიეს.

60 ათასი ეგზემპლარი წიგნისა, რომელიც სიყვარულის დისკურის შესახებ მოგვითხრობს, საფრანგეთში მალევე გაიყიდა. იგი იმავე წელს 8-ჯერ დაბეჭდეს. 1977 წლის ივნისში, კულტურის ცენტრ სერიზი ლა სალში გაიმართა მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კოლოქვიუმი.

ავტორმა, რომელიც თანაბრად იყო მიჯაჭვული როგორც თავისი დროის ავანგარდს, ასევე კლასიკოსებს, ერთმანეთს დაუახლოვა რაიმე მოვლენისადმი მეცნიერული მიდგომა და ესთეტიკური სიამოვნება. როლან ბარტის შემოქმედება დღესაც უდიდეს გავლენას ახდენს თანამედროვე ლიტერატურულ კრიტიკაზე. ბარტი 50-ზე მეტი ნაშრომის ავტორია. მისი წიგნები თარგმნილია მრავალ ენაზე.

მიუხედავად ბარტის მძიმე ავადმყოფობისა, ტუბერკულოზი მისი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი არ გამხდარა. 1980 წლის 25 თებერვალს სახლში მიმავალ ფილოსოფოსს მანქანა დაეჯახა, 25 (26) მარტს კი იგი სასიკვდილოდ მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.

სიკვდილის შემდეგ როლან ბარტის შესახებ ორი წიგნი გამოიცა. “ბარტის მკითხველი” (1982) ამერიკელი ინტელექტუალისა და მისი მეგობრის, სიუზენ ზონტაგის რედაქტორობით და “ინციდენტი” კი ფრანგი სტრუქტურალისტის, ფრანც უაჰლის მიერ.

“ინციდენტი” ბარტის ოთხი ესესაგან შემდგარი კრებულია, რომელთაგანაც მეორე ესე, ამავე სახელწოდებით, მაროკოში ფილოსოფოსის არდადეგების შესახებ მოგვითხრობს. ამ უკანასკნელმა ნათელი გახადა ფრანგი ფილოსოფოსის სექსუალური იდენტობა. ნაშრომიდან ირკვევა, რომ ის მამაკეცებთან სექსისთვის ფულს იხდიდა.

არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც, ლიტერატურის კრიტიკოსს უთქვამს: ერთადერთი ქალი, რომელსაც ჩემი სექსუალური იდენტობის შეცვლა შეეძლო, იულია კრისტევა იყო”, თუმცა ალგირდა გრეიმასის თანახმად, მის ცხოვრებაში მთავარი ქალი დედა იყო. ისინი დედის სიკვდილამდე ერთად ცხოვრობდნენ.

“არაფერი მინახავს მათ სიყვარულზე დიდი” – ამბობდა ლიეტუველი ლიტერატურის მეცნიერი ალგირდა გრეიმასი. მისი უკანასკნელი წიგნი “ლიუსიდის კამერა”, რომელიც ფოტოგრაფიის შესახებაა, სწორედ დედას ეძღვნება.

 „ჩემი თვალები მიაჩერდნენ პატარა გოგონას, – წერს ფრანგი ფილოსოფოსი, – ძლივს ვიცანი დედაჩემი… სევდიანი მის ისეთ სახეს ვეძებდი, იმ გამოსახულებას, როგორიც სინამდვილეში იყო, და ჩემთვის ასეთად ზამთრის ბაღში გადაღებული ფოტო იქცა…“ – ნათქვამია მოცულობით პატარა წიგნში.

ქართულ ენაზე როლან ბარტის სულ რამდენიმე ნაშრომია ნათარგმნი. ესენია: “S/Z”; “ავტორის სიკვდილი”; “წერის ნულოვანი ხარისხი”; “მითოლოგიები”; “ფრაგმენტები შეყვარებულის საუბრიდან”; “უცხო, მზის რომანი”; “სტრუქტურალიზმი, როგორც მოღვაწეობა”; როლან ბარტი – სადი 1” და სხვა ესეები. გარდა ამისა, ითარგმნა ინტერვიუც.

სტატია მოამზადა ლექსო ლობჟანიძემ

კომენტარები

კომენტარი