საშემსრულებლო ხელოვნება

ბურჭულაძე: თეატრებში ვიღაც რეკავს და ამბობს, რომ პროკურატურაში ჩემზე საქმეა აღძრული

Rustavi2-ის ცნობით, ევროპის ყველა თეატრში, სადაც პაატა ბურჭულაძის კონცერტები იმართება, ანონიმური სატელეფონო ზარები შედის. უცნობი ადამიანი, რომელიც თეატრის წარმომადგენლებს ჟურნალისტად ეცნობა, მათ ვრცლად უყვება, რომ მსოფლიო ბანი თაღლითია, მასზე საქართველოში გამოძიება მიდის და 11 წლით ციხე ემუქრება.

საქართველოს პროკურატურამ მსოფლიო ვარსკლავების ყველაზე დიდი გაერთიანების წერილი მიიღო. ასკონა ჰოლტის დირექტორი თადუმაძეს წერს, რომ ევროპაში პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაცია მოხდა და კამპანია, რომელიც მსოფლიო ბანის წინააღმდეგ მიდის, სულ უფრო ახალ მასშტაბებს იღებს, ამიტომ ასკონა ჰოლტის დირექტორი განმარტებებს ითხოვს, თუ ბურჭულაძე დამნაშავეა და ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხა მიითვისა, მაშინ რატომ ვერ დასრულდა გამოძიება და ერთი წლის და 9 თვის შემდეგ პროკურატურამ ვერაფერი დაადგინა.

ვრცელ წერილში მსოფლიო არტისტების გაერთიანება საქართველოს გენერალურ პროკურორს კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვს. აღმოჩენილია თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მიერ განხორციელებულ საქმიანობაში და მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი ბურჭულაძეს.

რ2-ის თანახმად, პაატა ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ კამპანია ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით დაიწყეს.

„რითი უნდა შემაშინოს ბიძინა ივანიშვილმა. მე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კი არ ვარ, მე ვარ იმის წინააღმდეგ, რომ მთელი მთავრობა მის ხუშტურზე დარბის და მთავრობანას თამაშობენ. საქართველოა გადასარჩენი, ხალხო, რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი. ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს საერთოდ? მე მხარს დავუჭერ ყველა პარტიას, რომელიც არის „ოცნების“ წინააღმდეგ იმიტომ, რომ „ოცნება“ არის დამანგრეველი და თან მავნებელი,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პროკურატურა საქველმოქმედო ფონდ იავნანას საქმიანობით და ფინანსებით 2017 წელს დაინტერესდა. გამოძიებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, რომლის თქმითაც, ფონდ იავნანას ხელმძღვანელები შესაძლოა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებულ თანხებს ითვისებდნენ და არამიზნობრივად ხარჯავდნენ.

კომენტარები

კომენტარი