კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

მოსკოვში გამართულ ჩეხოვის ფესტივალზე რობერტ სტურუას სპექტაკლი წარადგინეს

თბილისის შოთა რუსთაველის აკადემიური თეატრი დიდი ხნის შემდეგ მოსკოვში, ჩეხოვის ფესტივალზე წარდგა. რეჟისორმა რობერტ სტურუამ თეატრალურ ფესტივალზე სიკეთესა და ბოროტებაზე შექმნილი ზღაპარი “ვანო და ნიკო” წარადგინა, – ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო tvkultura.ru წერს.

“რობერტ სტურუას სპექტაკლი 12 წლის შემდეგ პირველად იხილა რუსმა მაყურებელმა. მის მიერ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში დადგმული სპექტაკლები არაერთხელ უნახავთ ჩეხოვის თატრალურ ფესტივალზე. მისი რეჟისორობით დადგმულმა სპექტაკლებმა “მაკბეტი”, “ქალი გველი”, “ლამარა”, “შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ”, “დარისპანის გასაჭირი”, “ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი” ჩეხოვის ფესტივალის სხვადასხვა დროს დიდი მოწონება და მაყურებლის სიყვარული დაიმსახურეს. ” – აღნიშნულია სტატიაში.

სპექტაკლი “ვანო და ნიკო”ერლომ ახვლედიანის მოთხრობების წიგნის მიხედვითაა შექმნილი. წიგნის უცნაური, მეტაფორული ისტორიები რობერტ სტურუამ სცენაზე ერთმოქმედებიან პიესად გადმოიტანა, სადაც ვანო და ნიკო დიდი ადამიანები არიან, ერთი ბოროტია, მეორე კეთილი. ერთ დღეს კი პიესის პერსონაჟებს მოუნდებათ, ადგილები გაცვალონ.

სპექტაკლში კარგად ჩანს ქართული მითებისა და იგავების იდუმალი სამყარო. ის სავსეა გამოცანებითა და მეტაფორებით. რობერტ სტურუას თქმით, მისი სპექტაკლის ატმოსფერო “პატარა პრინცს” მოგვაგონებს, ფორმა კი ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმს, თუმცა ამ პატარა იგავის უკან ღრმა და უნივერსალური აზრია. სპექტაკლის ყველა საიდუმლოსა და იდუმალი აზრის მიღმა, მაყურებელი ნელ-ნელა ხვდება მთავარს: ის ჩვენს ცხოვრებაზეა. სიკეთესა და ბოროტებაზე, იმაზე, თუ სად გადის მათ შორის ზღვარი.

სპექტაკლში ვხედავთ მარიონეტებსაც. უსახელო და იდუმალი ავტორის ხელში მარიონეტები ერთ წამში გადაიქცევიან ადამიანებად. გმირებს უწევთ გაიარონ უდიდესი გზა, ამ სამყაროში თავიანთი არსებობის გასააზრებლად. მაგრამ, ყველაფერი ეს თამაშია თუ სიზმარი?

“გიჩნდება განცდა, რომ შენც მარიონეტი ხარ მათ ხელში. ღმერთის ხელებში, ისტორიის ხელებში და ამ სამყაროში არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. საერთოდ, ახლა ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, მე სულ მაქვს განცდა, რომ სულელურ სიზმარში ვართ” – აღნიშნა რეჟისორმა.

რობერტ სტურუას სპექტაკლს დღეს, 12 ივნისს და ხვალ ვორონეჟში, პლატონოვის ხელოვნების ფესტივალზეც წარადგენენ.

კომენტარები

კომენტარი