საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

პრაღის კვადრიენალეზე ქართველმა სტუდენტებმა მოიპოვეს პრიზი საუკეთესო პავილიონისთვის

პრაღაში მიმდინარე სცენოგრაფიისა და სივრცის კვადრიენალეზე საქართველოს სტუდენტურმა გამოფენამ დაიმსახურა პრიზი  “საუკეთესო სტუდენტური  პავილიონისთვის”.

მათ წარმატება ფინელ და ტაივანელ მომავალ ხელოვანებთან გაიყვეს.

კვადრიენალეზე, სადაც 80-ზე მეტი ქვეყნის სცენოგრაფიის ნიმუშების გაცნობის საშუალებაა, საქართველო ორ ნაწილად არის წარმოდგენილი. ერთია საქართველოს ეროვნული კუთხე და მეორე – სტუდენტური პავილიონი – გამოფენა, სახელწოდებით „მედეა/მედია“.

შოთა რუსთაველის თეატრთან არსებული გოგი ალექსი-მესხიშვილის სცენოგრაფიის სკოლის სტუდენტების პროექტი, რომელსაც კურატორობას უწევს ხელოვნების ისტორიკოსი ქეთი შავგულიძე, აერთიანებს ორ თემას – აფხაზეთის ოკუპაციას და მედეას.

6 ივნისიდან სცენოგრაფიისა და თეატრალური არქიტექტურის დარგში საერთაშორისო ფორუმი პრაღის კვადრიენალე ტარდება, სადაც საქართველო ნაციონალური პავილიონით მეოთხედ წარდგა. ექსპოზიცია „გახსნილი წრე“ ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდულმა კავშირმა საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრი წარადგენა.

საქართველოს ნაციონალური პავილიონი „გახსნილი წრე“ ქმნის არტ-ტერიტორიას, რომლის მთავარი იდეაა ომისა და ომისშემდგომი ტრავმული საზოგადოების მდგომარეობაზე შემოქმედებითი რეფლექსიები. პავილიონის წრიულ ინსტალაციაში, ეკრანებზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სპექტაკლები: დავით დოიაშვილის „ბალიშის კაცუნა“ და „ტარტიუფი“, ნიკოლოზ საბაშვილის „საქართველო“, გურამ მაცხონაშვილის „გათვლა“ და „ანტიმედეა“, დათა თავაძის „ტროელი ქალები“ და შოთა ბაგალიშვილის „დიდი შესვენება“.

პრაღის კვადრიენალე სცენისა და პერფორმანსის დიზაინის სფეროში უდიდესი მსოფლიო ფორუმია, რომელიც 1967 წელს დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი