ვიზუალური ხელოვნება კულტურა

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნახატი “სამყაროს მხსნელი” ნაპოვნია

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნახატი ლეონარდო და ვინჩის “სამყაროს მხსნელი”, რომლის შესახებაც, 2019 წლის მარტში წერდნენ, რომ ლუვრის აბუ-დაბის ფილიალიდან გაქრა და მისი ადგილსამყოფელი არც პარიზის ლუვრის თანამშრომლებისთვის იყო ცნობილი, ნაპოვნია. ტილოს საუდის არაბეთის პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის იახტა Serene-ზე მიაკვლიეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ პორტალი Artnet-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტილო გემზე დარჩება მანამ, სანამ ელ-მადინას პროვინციაში კულტურული ცენტრის მშენებლობა არ დასრულდება. სწორედ აქ შეინახება მომავალში და ვინჩის აღნიშნული ტილო.

ნახატი, რომელზეც იესო ქრისტეა გამოსახული, დაახლოებით, 1500 წელს შეიქმნა. დიდი ხნის განმავლობაში “სამყაროს მხსნელი” დაკარგულად ითვლებოდა. მხოლოდ 1958 წელს გამოიტანეს პირველად აუციონზე ლეონარდო და ვინჩის მოსწავლის ავტორობით. მაშინ ტილო 45 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

დაკავშირებული სურათი

2007 წელს, სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, დადგინდა, რომ ნახატი ლეონარდო და ვინჩს ეკუთვნოდა. 2013 წელს ტილო რუსმა მილიარდერმა, დიმიტრი რიბოლოვლევმა 127,5 მილიონ დოლარად შეიძინა და შედმეგ, ქრისტის აუქციონზე რეკორდულ ფასად, 450 მილიონ დოლარად გაყიდა. მყიდველის სახელი ანონიმურად დარჩა. ცოტა ხნის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ “სამყაროს მხსნელი” ლუვრის აბუ-დაბის ფილიალის კუთვნილება იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს გახსნილი “აბუ-დაბის ლუვრი” ერთადერთი მუზეუმია საფრანგეთის ფარგლებს გარეთ, რომელიც ლუვრის ოფიციალურ ფილიალს წარმოადგენს და ბრენდის გამოყენების უფლება აქვს.

კომენტარები

კომენტარი