კინო

დიტო ცინცაძის ფილმი შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე

15-25 ივნისს აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის – დიტო ცინცაძის ფილმი “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”. იგი საქართველოს, შვედეთის და რუსეთის კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა შანხაიში 22 ივნისს შედგება.

ფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად ჩატარდება სამიტი “ერთი სარტყელი – ერთი გზა”. სამიტს 35 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი დავით ვაშაძე. სამიტის მიზანია ხელი შეუწყოს ჩინეთთან ერთობლივი ფილმების წარმოებას და ჩინეთში უცხოენოვანი ფილმების დისტრიბუციას.

სამიტი “ერთი სარტყელი – ერთი გზა”არაერთ კინოჩვენებას უმასპინძლებს. მათ შორის იქნება თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი “ჰორიზონტი”. ფილმის მსოფლიო პრემიერა შარშან ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ დისტრიბუტორებისთვის, ტელევიზიებისა და ფესტივალების წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი ქართული ფილმის ჩვენება შედგება. დიტო ცინცაძის ფილმს “შინდისი”, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირების რეალურ ისტორიაზე მოგვითხრობს, შანხაიში დახურულ ჩვენებაზე 18 ივნისს ნახავენ.

კომენტარები

კომენტარი