კინო

მიხეილ გორბაჩოვი მინისერიალ “ჩერნობილს” ეხმიანება

სსრკ-ს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის თქმით, HBO-ს მინისერიალი “ჩერნობილი”, კლინიკაში მკურნალობის გამო, ჯერჯერობით, არ უნახავს, ამის შესახებ მან რადიოსადგურ გოვორიტ მოსკვას განუცხადა.

გარდა ამისა, საბჭოთა ლიდერის თქმით, მას არასდროს გაუცია განკარგულება, რომ მეცნიერ ვალერი ლეგასოვისთვის გმირის წოდება არ მიენიჭებინათ.

„მე ასეთი განკარგულება არ გამიცია. ჩემს გარდა ეს არავის შეეძლო. ეს გამოგონილია“, – განაცხადა გორბაჩოვმა.

„ეიჩ-ბი-ოუს“ მინისერიალ „ჩერნობილის“ მიხედვით, საბჭოთა მეცნიერი ვალერი ლეგასოვი სასამართლოში ჩვენებას აძლევს. შემდეგ მას „კა-გე-ბე“ აკავებს. სიუჟეტის მიხედვით, ლეგასოვს ჩერნობილის ავარიის შესახებ საუბარს უკრძალავენ და ავარიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მინიჭებულ ჯილდოს ართმევენ.

ამერიკულმა ტელეარხმა – HBO-მ, 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ კატასტროფაზე 5 ეპიზოდიანი სერიალი გადაიღო. სერიალი, რომელიც ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე დიდ ავარიას ეძღვნება, პრემიერიდან მალევე IMDB-ის სათავეში მოექცა და რეიტინგით გაუსწრო ისეთ პოპულარულ სერიალს, როგორიცაა სამეფო კარის თამაშები”. 

შოუს თითოეულ ეპიზოდს კრიტიკოსებისა და მაყურებლის მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. თუმცა, როგორც ჩანს, რუსული მედია ამ აზრს არ იზიარებს. რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია “Россия 24”-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის წამყვანმაც სერიალი, ფაქტობრივი შეცდომების გამო, მკაცრად გააკრიტიკა

როგორც ცნობილი ხდება, რუსეთში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრაგიკული ისტორიის საკუთარ ვერსიაზე მუშაობენ. 

კომენტარები

კომენტარი