შემოქმედებითი ინდუსტრიები

ინტერვიუ Mountain Set-ის ორგანიზატორებთან: “ლოკაციის ცვლილება უსაფრთხოების მიზნით მოხდა”

როგორც მოგეხსენებათ, ყაზბეგის მუნიციპალიტეთში, 28-29-30 ივნისს დაანონსებულია ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Mountain Set-ი.

ფესტივალის ორგანიზატორებმა რამდენიმე დღის წინ განცხადებით დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფესტივალი სტეფანწმინდაში აღარ გაიმართებოდა.

ლოკაციის ცვლილებამ საზოგადოებაში ფესტივალის მიმართ უნდობლობა და გარკვეული კითხვები გააჩინა, რომლებიც, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, “არტნიუსმა” ფესტივალის ორგანიზატორებს დაუსვა:

საზოგადოებაში ვრცელდება ცნობები, რომ მოწვეულ არტისტებს ჰონორარი ჯერაც არ მიუღიათ. რას იტყვით ამ ინფორმაციაზე და უნდა ველოდოთ თუ არა ცვლილებას Line Up-ში?

ლაინაფი დახურულია, ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება არტისტების ჰონორარს, გარკვეულმა ნაწილი ის უკვე მიიღო, დანარჩენები კი შეთანხმებისამებრ დადგენილ დროში მიიღებენ მას.

რას გვეტყვით სასტუმროებთან დაკავშირებით, ხომ არ მიადგებათ მატერიალური ზიანი მათ, ვისაც ფული უკვე გადახდილი აქვთ?

სასტუმროებთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. ხვალ ჩამოდიან სასტუმროს მეპატრონეები, რომელთაც შევხვდებით და დავილაპარაკებთ. მათ შორის, შეიცვლება ფასები Booking-ზეც, რადგან იქ სეზონური ფასებია მითითებული.

ვისაც სასტუმროში თანხა ჰქონდა გადახდილი, შესაბამისი ქვითრის/ჩეკის წარმოდგენისას, ფესტივალი იმავე თანხით გადაუჯავშნის სხვა სასტუმროს, დანარჩენ თანხას კი თავად მონაწილეები აანაზღაურებენ. რაც შეეხება მათ, ვისაც სასტუმრო დაჯავშნილი ჰქონდა, ჩვენ მათაც მივეხმარებით სასტუმროს მოძიებაში.

რამ გამოიწვია ფესტივალის ლოკაციის ცვლილება?

ადგილობრივებთან შეთანხმებას თუ ვერშეთანხმებას ჩვენი ფესტივალის ლოკაციის შეცვლაზე არ უმოქმედია. ჩვენ ფესტივალს ვატარებდით კერძო ტერიტორიაზე, რომელიც იჯარით ჩვენს სახელზეა. შესაბისი კანონმდებლობით, ჩვენ ამ წუთშიც შეგვიძლია ფესტივალის ჩატარება, მაგრამ გამოჩნდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელმაც ის გააპროტესტა. ისინი ჩვენი ფესტივალის მონაწილეებს ტერიტორიაზე არ შეშვებითა და მიტინგებით ემუქრებოდნენ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია გვეუბნებოდა, რომ ფესტივალი აქ ჩაგვეტარებინა, თუმცა თავს უსაფრთხოდ ვერ ვიგრძნობდით. გამომდინარე აქედან, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ შეგვეცვალა მთავარი ლოკაცია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და სტეფანწმინდიდან ბიდარაში გადმოგვენაცვლა.

რატომ იყო საზოგადოების ნაწილი იქ ფესტივალის ჩატარების წინააღმდეგი?

ისინი წინააღმდეგები იყვნენ შარშან, გველეთში გამართული ფესტივალის გამო. მათი თქმით, რაც იქ ხდებოდა, საშინელება იყო.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ Metronome-ის ფესტივალის ორგანიზატორები ხართ. გაკავშირებთ თუ არა რაიმე მათთან?

ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. Metronome-ის ფესტივალთან არაფერი გვაკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი