კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

რუსეთში ფესტივალი “ქართული კინოს დღეები” გაიმართება

რუსეტში, სანქტ-პეტერბურგში, 10-12 ივნისს ფესტივალი “ქართული კინოს დღეები” გაიმართება, რომლის მთავარი თემაც ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის შემოქდებაა. ინფორმაციას კინოცენტრი “Родина” ავრცელებს.

ფესტივალზე მაყურებელი იხილავს სამ ფილმს, სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით. ესენია: რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმი “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (1970) მერაბ კოკოჩაშვილის “ნუცას სკოლა” (2000) და მსახიობის შვილის, ნიკოლოზ შენგელაიას რეჟისორობითა და პროდიუსერობით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი “სოფიკო”.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს, აგრეთვე, თანამედროვე ქართულ ანიმაციას, დამწყებ რეჟისორთა ნამუშევრებსა და დიდი რეჟისორების ძველ, კლასიკად აღიარებულ ფილმებს.

აღსანიშნავია, რომ “ქართული კინოს დღეების” ფარგლებში ჩატარდება ვორქშოფები საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის და მასტერ-კლასები საქართველოსთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო თემებზე.

ფესტივალის კიდევ ერთი თემა ფიროსმანია, რომლის საპატივსაცემოდაც ორ ფილმს: გიორგი შენგელაიას “ფიროსმანს” (1969) და სერგეი ფარაჯანოვის ფილმს “არაბესკები ფიროსმანის თემაზე” (1985) უჩვენებენ.

მაყურებელი, აგრეთვე, იხილავს მერაბ კოკოჩაშვილის სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს “ღვინის აკვანი” (2012); გიგიშა აბაშიძის ფილმს “მეზობლები” (2018); მარიამ ხაჭვანის მხატვრულ ფილმებს “დედე” (2017) და “დინოლა” (2013); დავით გურგულიას ფილმს “დიალექტი” (2017); ნათია ნიკოლაშვილის ფილმს “ლილე” და პეტრე თომაძის ფილმებს: “ღამის სეანსი” (2019); “ჩაი” (2018); “გოდერძი” (2018) და “სიყვარული” (2012).

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი სანქტ-პეტერბურში მესამედ ტარდება. პირველად, “ქართული კინოს დღეები” 2017 წლის 5-7 ივლისს ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი