შემოქმედებითი ინდუსტრიები

Mountain Set: “სტეფანწმინდის მაგივრად ფესტივალი ბიდარაში ჩატარდება”

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Mountain Set-ი საზოგადოებაში გავრცელებულ ცნობებს განცხადებით ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლოკაცია შეიცვალა და სტეფანწმინდის მაგივრად, ფესტივალი ბიდარაში გაიმართება.

“თქვენთვის მშვენიერი ინფორმაცია გვაქვს! დიდი მითქმა-მოთქმა მიდის ფესტივალთან დაკავშირებით და შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ, გადავწყვიტეთ ჩაგაყენოთ საქმის კურსში:

შეიქმნა გარკვეული პრობლემები მოსახლეობის გარკვეულ ნაწილთან. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, რომ გამოგვენახა საერთო ენა ადგილობრივებთან, მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო.

ფესტივალისთვის მზადება არაჩვეულებრივად მიმდინარეობს უცვლელ დროს უცვლელი ლაინაფით. გვაქვს მხოლოდ ერთი ცვლილება: ლოკაცია. სტეფანწმინდის მაგივრად ფესტივალი ჩატარდება ბიდარაში.

ბიდარა მდებარეობს გუდაურიდან 5 კილომეტრში და არაჩვეულებრივი საფესტივალო სივრცეა.

რაც შეეხება განთავსებას, შესაძლებელია გუდაურის სასტუმროების დაჯავშნა. მათ კი, ვისაც წუთითაც არ სურს ფესტივალის ტერიტორიის დატოვება, ელით კომფორტული და კეთილმოწყობილი კარვების ქალაქი.” – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 28-29-30 ივნისს, Mountain Set-ი წარმოგიდგენთ მაღალმთიან გარემოსა და ელექტრონული მუსიკის სინთეზს, რომელსაც პრესტიჟული გამოცემა Mixmag-ი პირდაპირი ტრანსლაციით შემოგვთავაზებს.

ფესტივალზე მოწვეული არიან ისეთი ცნობილი არტისტები, როგორებიც არიან Boston 168, Schwefelgelb, Keith Carnal, Kmyle, Function, Ulwhednar [Anthony Linell / Abdulla Rashim + Varg], Restive Plaggona, Fabrizio Lapiana, SID & Eddy და სხვები.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

კომენტარები

კომენტარი