შემოქმედებითი ინდუსტრიები

7 ივნისს კახა ბენდუქიძის კამპუსში Art Weekend 2019 გაიხსნება

7 ივნისიდან 9 ივნისამდე კახა ბენდუქიძის კამპუსში Art Weekend 2019 გაიმართება.

ArtWeekend კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ტრადიციაა, რომელსაც წელს საიუბილეო, 5 წელი უსრულდება. საჯარო ლექციების ფესტივალს მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტები ატარებენ, ღონისძიების ხელმძღვანელობა კი თაობიდან თაობას გადაეცემა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, მინერალური წყალი “ლიკანისა” და “თეგეტა კარიერას” მხარდაჭერით, როგორც ყოველთვის, ArtWeekend 2019 ჩატარდება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სამი დღის განმავლობაში – 7, 8 და 9 ივნისს.

“პირველ დღეს ხელოვნებათმცოდნე და კრიტიკოსი დათო კოროშინაძე ისაუბრებს დავით კაკაბაძის შესახებ, ლექციის დასრულებისთანავე კი ანუშკა ჩხეიძის ექსპერიმენტალური მუსიკის ფონზე გაიმართება ჩვენება ფილმისა „ჯიმ შვანთე“ (მარილი სვანეთს), რომლის დამდგმელი მხატვარიც იყო დავით კაკაბაძე. მომდევნო დღეების მომხსენებლებიც საერთო თემატიკის ქვეშ გაერთიანებულ ლექციებს წაიკითხვენ. 8 ივნისის მთავარი თემა კინო და თეატრია, რომლის შესახებაც რეჟისორი მიშა ჩარკვიანი, მთარგმნელი გურამ ღონღაძე და ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე ისაუბრებენ.  9 ივნისი ლიტერატურას დაეთმობა, მომხსენებლები კი იქნებიან მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი, ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი, მწერალი დავით გორგილაძე და მოყვარული კომიქსთმცოდნე სანდრო რაჩკოვსკი. წლევანდელ ArtWeekend-ზე სამივე დღის განმავლობაში გაიმართება გიორგი დადიანის ფოტოსერიის „1+1=1“-ის გამოფენა.” – აღნიშნულია პრესრელიზში, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორებმა “არტნიუსს” მიაწოდეს.

წლევანდელი ArtWeekend, “ლიკანის” მხარდაჭერით, წინა წლის ღონისძიებებისგან მუსიკის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ყოველი დღის ბოლოს ღონისძიება დამსწრეებს შესთავაზებს სხვადასხვა მიმართულების მუსიკას. პარასკევი დასრულდება ანუშკა ჩხეიძისა და Trotsky-ს სეტებით. შაბათ დღეს მუსიკალურად გააფორმებენ George Marych-ი და ლექსო რატიანი, ხოლო კვირას ArtWeekend 2019-ს ქართული ჯგუფი Windshield დახურავს.

კომენტარები

კომენტარი