არქიტექტურა, არქეოლოგია

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: სოფელ კორხში ეკლესიაზე უნებართვო მშენებლობა ვანდალიზმია

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს. ამის შესახებ განცხადება თავად სააგენტომ გაავრცელა. 

სოფლის მცხოვრებლებისა და სამშენებლო პროცესის ინიციატორის, იურიკ წარუკიანის თვითნებური გადაწყვეტილების შედეგად XIX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესიის იერსახე მკვეთრად დეგრადირდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კედლები ძალაყინითაა ჩამოშლილი, ხოლო ტაძრის ერთ-ერთი ფასადი თითქმის სრულად განადგურებული. 

უნებართვო სამუშაოები, რომელიც მაისიდან დაიწყო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა 10 მაისს აღმოაჩინეს. ადმინისტრაციული სამართალდაღვევის საწყის ეტაპზე ძეგლის გარშემო სარძიკვლის დონეზე უნებართვოდ ამოღებული მიწის ფენა დაფიქსირდა, რაც ძეგლს დაზიანების საფრთხეს თავიდანვე უქმნიდა.

სააგენტომ მოქალაქე იურიკ წარუკიანი წერილობითი გააფრთხილა, რომლის საფუძველზეც მას რამდენიმე ვალდებულება განესაზღვრა:

• მოქალაქეს უნდა უზრუნველეყო ძეგლზე ყველა ტიპის სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერება (გარდა საძირკვლის სამუშაოებისა); 
• სპეციალისტების ზედამხედველობით, ეკლესიის საძირკველი (ამოთხრილ ნაწილში) უნდა გამაგრებულიყო რკინა-ბეტონის გამოყენებით. ვიდეო გადაღებით აღბეჭდილი სამუშაოების პროცესი კი უნდა წარმოდგენილიყო სამუშაოების ანგარიშთან ერთად;
• ერთი თვის ვადაში მესაკუთრეს უნდა უზრუნველეყო დანარჩენ სამუშაოებზე (საძირკვლის სამუშაოს გარდა) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მოპოვება;
• მიღებული ნებართვის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებით, წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, დაკისრებული ვალდებულებები წარუკიანმა უგულებელყო. კანონით განსაზღვრული ქმედებების შეუსრულებლობის გამო სააგენტომ წარუკიანი 5000 ლარით დააჯარიმა. 

“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არაოფიციალური ინფორმაციით, უნებართვო სამუშაოების ორგანიზებისთვის იურიკ წარუკიანის გაფრთხილებისა და 5000 ლარით დაჯარიმების მიუხედავად, კორხის წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე უნებართვო სამუშაოები მაინც გრძელდება, რამაც მოქმედი კანონმდებლობით შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის აუცილებლობა წარმოშვას.

შესაძლო სამართალდარღვევის მორიგი ქმედების ფაქტს სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ხვალვე შეისწავლიან”, – წერია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაში.

Image may contain: text
No photo description available.
Image may contain: text

კომენტარები

კომენტარი