საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

კანის კინოფესტივალზე ალენ დელონს “ოქროს პალმის რტო” გადასცეს

გუშინ, 19 მაისს, კანის კინოფესტივალზე, კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის “ოქროს პალმის რტო” ფრანგ მსახიობს, ალენ დელონს გადაეცა.

მსახიობს ჯილდო საკუთარმა შვილმა, ასევე მსახიობმა, ანუშკა დელონმა გადასცა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი სიტყვა ძალიან მოკლე იქნებოდა, იმიტომ, რომ ცრემლების შეკავება არ შეეძლო. “მამა, შენით ვამაყობ” – მხოლოდ ეს სიტყვები თქვა მან და მამას საპატიო “ოქროს პალმის რტო” გადასცა. დაჯილდოების შემდეგ გაიმართა ჯოზეფ ლოუზის ფილმის “ბატონი კლაინის” ჩვენება, რომელიც ალენ დელონს მიეღვნა.

83 წლის ალენ დელონი თავისი კარიერის განმავლობაში 100-მდე ფილმშია გადაღებული. მისი სამსახიობბო კარიერა 1957 წელს იწყება, ივ ალეგრეს ფილმის “როცა ქალი ერევა” გამოსვლით.

კანის ფესტივალის ეს ჯილდო, კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის, სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ისეთ რეჟისორებსა და მსახიობებს, როგორებიც არიან: ჟან-პოლ ბელმონდო, ჟან-პიერ ლეო, ჟანა მორო, კატრინ დენევი, ჯეინ ფონდა, კლინტ ისტვუდი, ბერნარდო ბერტოლუჩი, ანიეს ვარდა და სხვები.

კომენტარები

კომენტარი