შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა Through Unfamiliar იხსნება

გამოფენა Through Unfamiliar (უცხოს გავლით) წარმოგიდგენთ სამ მხატვარს: ანდრეა ბარძაგის, მანანიკო კობახიძეს და ლორენცო პინჯიტორეს. სამივე მხატვარმა გადაკვეთა ნაცნობი გარემოს საზღვრები და ჩაერთო პროგრამაში „იტალია-საქართველო, რეზიდენცია ხელოვანებისათვის“. უცხო ქვეყანაში მუშაობის გამოცდილებას ისინი თავიანთი მსოფლმხედველობით, თავიანთი კულტურული ფილტრებით შეეგებნენ.

ანდრეა ბარძაგი (დაბ.1988, იტალია) და ლორენცო პინჯიტორე (დაბ.1985, იტალია) ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ თბილისში. მანანიკო კობახიძე (დაბ.1991, საქართველო) ასევე ერთი თვის განმავლობაში იყო სახელოვნებო რეზიდენციაში მისთვის უცხო ქალაქში, ტურინში. ისინი ამ დროის განმავლობაში აკვირდებოდნენ ნივთებს, სივრცეს, ადამიანებს, სვამდნენ შეკითხვებს და მიაგნეს ზოგ პასუხს… მათ გადაკვეთეს უცხოს, უცნობის საზღვარი გაიარეს მის მიღმა და შეეცადნენ ეპოვათ დროებითი კომფორტის ზონა ახალ გარემოში, სადაც ახალი შთაბეჭდილებები და საგნები დააკავშირეს მათ შემოქმედებით სამყაროსთან…

გამოფენა ხორციელდება საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში. მემორანდუმის ფარგლებში, სსიპ შემოქმედებითმა საქართველო, იტალიურ ფონდი IGAV-ი ანხორციელებს ყოველწლიურ პროგრამას „იტალია – საქართველო – გაცვლითი პროგრამა, რეზიდენციები ახალგაზრდა ქართველი და იტალიელი ხელოვანებისთვის“.

პროგრამა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების და თანამშრომლობის გაღრმავებას. ყოველწლიური პროგრამა ქართველი და იტალიელი ხელოვანებისთვის შემოქმედებითი იმპულსებისა და იდეების გაცვლის შესაძლებლობაზეა ორიენტირებული. პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის ნოემბერში, ქართველი ხელოვანები მანანიკო კობახიძე და შოთიკო აფციაური იმყოფებოდნენ იტალიაში, ქალაქ ტურინში, გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის რეზიდენციაში, ხოლო 2019 წლის აპრილის ბოლოდან იტალიელი ხელოვანები ანდრეა ბარძაგი და ლორენცო პინჯიტორე კი იმყოფებიან თბილისში, პროპაგანდა ნეთვოქრის რეზიდენციაში.

აღნიშნული გამოფენა ამ პროგრამის პირველი ეტაპის შეჯამებულ დოკუმენტაციას წარმოადგენს. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში იტალიის საელჩოს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის მხარდაჭერით.

გამოფენა ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და არტინფო ჯორჯიას მხარდაჭერით.

ღონისძიება 17 მაისს, 16:00 საათზე თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) გაიხსნება და 21 მაისამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი