ვიზუალური ხელოვნება

საქართველოში გამოკითხულთა 15%-ს სხეულზე საყვარელი ადამიანის სახელი აქვს ტატუირებული

გუშინ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ყოფილ პატიმართა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობისათვის ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 48 ათასი ლარი გამოიყო.

გთავაზობთ საინტერესო გამოკითხვას ტატუებზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით “აიფიემ კვლევებმა“ საქართველოში გამოკითხა 1450 რესპონდენტი.

როგორც აღმოჩნდა, რესპონდენტთა 13%-ს აქვს სხეულზე ტატუ. სქესის მიხედვით, ამ მონაცემის ანალიზმა გამოავლინა, რომ ქალებს უფრო ნაკლებად აქვთ ტატუ, ვიდრე კაცებს. გამოკითხული ქალებიდან 7%-ს აქვს ტატუ, კაცებიდან კი – 19%-ს.

იმ რესპონდენტებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ აქვთ ტატუ სხეულზე, დააკონკრეტეს მისი რაოდენობაც. როგორც აღმოჩნდა, მათ უმრავლესობას – 62%-ს, ერთი ტატუ აქვს, 25%-ს კი – 2. მხოლოდ 4%-ია მათი რაოდენობა, რომელთაც სხეულზე განსაკუთრებით ბევრი ტატუ აქვს – ხუთი და უფრო მეტი.

საინტერესოა ტატუს შინაარსობრივი დატვირთვის საკითხიც. რესპონდენტების უმრავლესობამ (44%) აღნიშნა, რომ აქვს ტატუ, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან სიმბოლოს აღნიშნავს, 32%-ის ტატუ კი წარწერას ან ფრაზას წარმოადგენს. 15%-ს სხეულზე საყვარელი ადამიანების სახელი აქვს ტატუირებული, 9% კი აღნიშნავს, რომ მათ ტატუს არანაირი შინაარსობრივი დატვირთვა არ აქვს.

საერთო ჯამში, გამოკითხულთა უმრავლესობა ტატუს გაკეთებას არ/აღარ აპირებს. იმ ადამიანებიდან, რომლებსაც ტატუ აქვთ, დაახლოებით, ყოველი მეორე ამბობს, რომ აღარ უნდა მეტის გაკეთება, 18% კი გეგმავს კიდევ გაიკეთოს ტატუ.

ამ საკითხთან მიმართებაში უფრო კატეგორიულები არიან ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სხეულზე ტატუ. მათი 86% არასდროს არ აპირებს ტატუს გაკეთებას. მხოლოდ 3% აქვს მისი გაკეთების გეგმა.

როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულები ტატუს მიმზიდველობის საკითხს ერთგვაროვნად არ აფასებენ. კითხვაზე, მოსწონთ თუ არა სხვა ადამიანზე ტატუ, პასუხები თითქმის თანაბრად გადანაწილდა პოზიტიურ, ნეიტრალურ და ნეგატიურ შეფასებებს შორის.

კომენტარები

კომენტარი