კულტურა

CAFE GALLERY: “ერთი წელია ამ ტკივილსა და შეურაცხყოფას ვატარებთ”

გუშინ, 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმები კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” შეცვივდნენ. ამ დღის გასახსენებლად, ქალაქში საპროტესტო ბანერები და გიორგი გახარიას ბიუსტი გამოჩნდა, რომელიც ღილაკზე დაჭერით ბოდიშს იხდის.

ე.წ. შავ პარასკევთან დაკავშირებით კაფე “გალერიმ” ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც მადლობა გადაუხადა მომიტინგეებს და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი რამ სახელმწიფოს მხრიდან აღარასდროს განმეორდება.


“დავიწყოთ მადლობით !

მადლობა იმ ადამიანებს ვინც ერთი წლის წინ დადგა ჩვენი კლუბების დასაცავად და გამოიჩინა უდიდესი თანადგომა და ერთობა ! მადლობა თქვენ !!

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაატარა გაუმართლებელი მასშტაბის ოპერაცია სავარაუდო ნარკოგამსაღებლების დასაკავებლად, რის გამოც დიდი ფსიქოლოგიური ზიანი მიადგა კლუბების სტუმრებს და ზოგადად საქართველოს საკლუბო ინდუსტრიას, რომელიც ასე წარმატებით განვითარდა და მსოფლიო საუკეთესო საკლუბო ქვეყნების სიაში ერთ–ერთი მოწინავე ადგილი დაიკავა. ერთი წელია ამ ტკივილსა და შეურაცხყოფას ვატარებთ და შოკური მდგომარეობიდან ჯერ კიდევ არ გამოვსულვართ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი რამ მეტჯერ არ განმეორდება და ერთმანეთისთვის ბოდიშის მოხდა არ დაგვჭირდება.

ამავე დროს ჩვენთვის 12 მაისი სიამაყის დღეა იმიტომ, რომ საპროტესტო აქციამ, რომელიც მოჰყვა სპეცრაზმის უსამართლო რეიდს, მსოფლიოს დაანახვა, რომ საქართველოში არსებობს ის საზოგადოება და ის ძალა, რომელმაც სწორად შეაფასა ეს ძალადობის აქტი და დადგა კლუბების დასაცავად .

დღეს გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ კაფე გალერის სახელით იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი საკლუბო მოძრაობის გვერდით იდგა გასაჭირში და საპრორტესტო აქციით არ მისცა საშუალება შშს–ს ბოლომდე ეძალადა კლუბებზე, რაც მათ შესაძლო დახურვას გამოიწვევდა.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ შეგვიძლია ბევრად უკეთესი საზოგადოების და ქვეყნის შექმნა.” – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი