კულტურა

პარლამენტის წინ გამოჩენილი გიორგი გახარიას ბიუსტი კიდევ ერთ ბოდიშს მოგიხდით

დღეს 2019 წლის 12 მაისს თავისუფლების მოედანზე, პარლამენტის წინ გამოჩნდა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბიუსტი, რომელიც ღილაკზე დაჭერისას ბოდიშს იხდის.

ინსტალაცია გასული წლის 12 მაისის მოვლენებს ეძღვნება. სწორედ ამ დღეს კლუბებში “ბასიანი” და “კაფე-გალერი” შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმები შეცვივდნენ, რასაც ორდღიანი მშვიდობიანი აქციები მოჰყვა.

მშვიდობიანი აქციის მონაწილეები მაშინ დაიშალნენ, როდესაც ტრიბუნაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდა, ბოდიში მოიხადა და მათ შეკრებაზე გაჟღერებული პრობლემების გადაჭრისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დაპირდა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით ჯერაც არ მომხდარა რეაგირება ხელისუფლების მხრიდან.

აქციების შემდეგ მიღებული ბოდიშის გასახსენებლად ბიუსტს სპეციალური ღილაკი აქვს, რომელზე დაჭერისას მინისტრისგან კიდევ ერთ ბოდიშს მიიღებთ.

“ერთი წლის განმავლობაში ყველანაირად დავრწმუნდით რომ გახარიას ბოდიშს ფასი არა აქვს. ამის საილუსტრაციოდ გვაქვს გახარიას ბიუსტი, რომელიც უსასრულოდ დაარიგებს ბოდიშს ყველა მსურველზე” – აცხადებს დღევანდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ზუკა ბერძენიშვილი.

კომენტარები

კომენტარი