კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით, TBC Gallery-ში მხატვრის საოჯახო არქივის გამოფენა გაიხსნა

8 მაისს, TBC Gallery-ში, თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით, ქართველი მხატვრის, მეცნიერის, გამომგონებლისა და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის – დავით კაკაბაძის გამოფენა გაიხსნა, რომლითაც მხატვრის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი რამდენიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტი დაიწყო.

დავით კაკაბაძის ფონდის მიერ წარმოდგენილი ოჯახის არქივი მოიცავს სხვადასხვა მასალას: მათ შორის ჩანახატები, დოკუმენტები, ჩანაწერები და ესკიზები. გამოფენის ორგანიზატორთა თქმით, გამოფენის მიზანი,
კაკაბაძის არქივის კვლევაზე დაყრდნობით, ისტორიის მეთოდოლოგიურად გაშუქებაა. “კოლექციის მრავალფეროვნება დავით კაკაბაძეს წარმოაჩენს როგორც მკვლევარს, მეცნიერსა და ეროვნული იდენტობის მატარებელ ფიგურას” – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

დავით კაკაბაძე საქართველოსა და საფრანგეთში არაერთი სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტის ინიციატორი იყო. მუშაობდა ელექტროტექნიკურ ექსპერიმენტებზე, სტერეოკინო-აპარატის შექმნასა და კინოს გამომსახველობითი საშუალებების დახვეწაზე. ელექტრონულ ნათებასა და სინათლის სხივს კი ამ ექსპერიმენტებში წამყვანი ადგილი ეკავა. მან პირველმა დაიწყო ხელოვნებისა და წარმოების სინთეზის შესახებ საუბარი და ამ კონტექსტში აბსტრაქტული ტილოები, კოლაჟები და სტანილის სამგანზომილებიანი (3D) ლაითარტი შექმნა.

დავით კაკაბაძე დაინტერესებული იყო შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებით, ეთნოგრაფიით, რენესანსით, ჩინური და იაპონური ხელოვნებით, კუბიზმით, ფუტურიზმითა და სხვა მიმდინარეობებით.

“მისი მსოფლმხედველობა ტრადიციასა და ახალ ინფორმაციას ერთ კონტექსტში უყრიდა თავს. მის ხელოვნებაში წარმოდგენილია როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ღირებულებები, რაც ქართული იდენტობის გათვალისწინებით, მის შემოქმედებას უნიკალურს ხდის”- ნათქვამია გამოფენის ორგანიზატორთა განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი