სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველმა დიზაინერებმა ორ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაყიდეს

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველი დიზაინერების მიერ გაყიდულმა პროდუქციამ 2 149 653 (702 501 ევრო) ლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უწყების მხარდაჭერით, 18 ქართველი დიზაინერი, 2019 წლის 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, საფრანგეთში, პარიზში გამართულ მოდის კვირეულში მონაწილეობდა.

დიზაინერებს პროდუქცია კვირეულის ფარგლებში გამართულ საგამოფენო სივრცეებში (შოურუმებში) ჰქონდათ წარმოდგენილი. სააგენტოს ხელშეწყობით გამართული ანალოგიური ღონისძიებების შედეგად გაფორმებული კონტრაქტების კუთხით, ეს რეკორდული მაჩვენებელია.

„ღონისძიება, რომელიც წელიწადში ოთხჯერ იმართება, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, 100-მდე კომპანია, 130 ცნობილი შემსყიდველი (ე.წ ბაიერი) და პრესის წარმომადგენელი ესწრებოდა.

შოურუმის ფარგლებში, თითოეული ბრენდის წარმომადგენელსა, თუ დიზაინერს საშუალება ჰქონდა დაემყარებინა ბიზნესკავშირები პოტენციურ დამკვეთებთან, ასევე, მოეხდინა საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის რეალიზაცია.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობით, მხარს უჭერს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე”, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი