კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

9-10 მაისს მოძრაობის თეატრში კახა ბაკურაძის “ფაუსტის” პრემიერა შედგება

გერმანული წარმატების შემდეგ, კახა ბაკურაძე გოეთეს “ფაუსტს” თბილისში, მოძრაობის თეატრის სცენაზე გააცოცხლებს.

36 წლის წინ, მიუნხენში, “დოიჩე თეატრში” დადგმული კახა ბაკურაძის ეს სპექტაკლი უწყვეტი ანშლაგით მიმდინარეობდა.

მოძრაობის თეატრის დამფუძნებელი თბილისელ მაყურებელს, ამჯერად, “ფაუსტის” განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს, ქართული სპექტაკლებისთვის  აქამდე უცნობი ჟანრებითა და თეატრალური ხერხებით.

რეჟისორის განმარტებით, ეს არის ერთმოქმედებიანი მიმოდრამა: “გადავწყვიტე ბუტოს ელემენტები შემომეტანა, რომელიც იაპონური თეატრის კაბუკის თეატრის შთამომავალია. ფაუსტი შეიძლება გერმანელია, მაგრამ მეფისტოფელი ყველგან ცხოვრობს.  ეს არის მუდმივი ჭიდილი ადამიანსა და ეშმაკს შორის, ადამიანსა და მის მეს შორის, დღესა და ღამეს შორის, თეთრსა და შავს შორის. ხიბლიც ამაშია, გადარჩე, გზა გაიკვალო და სიკეთეები დათესო. ამის უსიტყვოდ, პლასტიკით გადმოცემა უფრო რთულია. მე მგონია, რომ საინტერესო უნდა იყოს ყველასთვის“, – აღნიშნა კახა ბაკურაძემ.

შეგხსნებთ, რომ კახა ბაკურაძე 10 წელი ევროპის რამდენიმე თეატრში როგორც მსახიობად, ასევე რეჟისორად მუშაობდა, სადაც არაერთი წარმატებული სპექტაკლი აქვს დადგმული. 90-იან წლებში რამდენიმე მეგობართან ერთად, გერმანიაში, საკუთარი თეატრიც დააფუძნა. როგორც კახა ბაკურაძე აღნიშნავს,  ეს იყო სრულიად განსხვავებული თეატრი, რომლის ანალოგიც არ არსებობდა.  2000 წელს, თბილისში დაბრუნებისთანავე გადაწყვიტა, ასევე განსხვავებული ქართული თეატრის შექმნა, ახალი ჟანრებითა და მიმდინარეობებით.  მოძრაობის თეატრი 2001 წელს დაფუძნდა. 2013 წლიდან  თეატრი  მუშტაიდის ბაღში , თვითმფრინავის ძველი ანგარის განახლებულ შენობაში  ფუნქციონირებს, სადაც მაყურებელს მოდერნისტული Art-გარემო და  ინოვაციურობითა და კრეატიულობით გამორჩეული სპექტაკლები ხვდება.

მოძრაობის თეატრს ჟანრების თეატრსაც უწოდებენ, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორსა და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, დიდი ინტერესით სარგებლობს უცხოელ მაყურებელში. მნიშვნელოვანია, რომ ის ნებისმიერი ეროვნების მაყურებლისთვის ერთნაირად საინტერესო და გასაგებია.

კომენტარები

კომენტარი