შემოქმედებითი ინდუსტრიები

პროგრამის “ღამე მუზეუმში” ფარგლებში ვიზიტორებს ვარძიის კომპლექსი უმასპინძლებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US AID) პროგრამის (“ზრდა”) ორგანიზაციული და ფინანსური პარტნიორობის საფუძველზე, ვარძიის ისტორიულ-არქიტექრურულ მუზეუმ-ნაკრძალი 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს – “ღამე მუზეუმში”, მასშტაბური გამოფენებითა და სხვა სანახაობებით აღნიშნავს. აქციის ფარგლებში ვარძიის განათებული კომპლექსი ვიზიტორებს სრულიად უფასოდ უმასპინლებს.
მუზეუმ-ნაკრძალის ახლადამოქმედებულ ვიზიტორთა ცენტრში ფუნქციონირებას დაიწყებს ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურის ატრაქცია, ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს კლდეში ნაკვეთი უნიკალური კომპლექსის სრულფასოვნად გაცნობის საშუალება მიეცემათ.

მნიშვნელოვანია, რომ წარმოსახვითი ტურის მულტიმედიური აპარატურა, რომელიც შინაარსობრივი გადაწყვეტის მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის ტურისტულ საიტებზე მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც იქნება ადაპტირებული და სამომავლოდ, ირეგიონში რეგისტრირებულ 1200 მდე შშმ პირს მოემსახურება. ახლადამოქმედებული VR სტენდების პრეზენტირების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 ადგილობრივი მოქალაქე VR პროგრამული მხარდაჭერის მქონე მობილური აპარატურით დასაჩუქრდება.

“ღამე მუზეუმში” პროგრამის ფარგლებში, ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის ვიზიტორთა ცენტრის სამუზეუმო სივრცე, სადაც ასპინძის მუნიციპალიტეტში მოძიებული ქვის ორნამენტული ფრაგმენტები და საქართველოს კლდის ძეგლების თემაზე მომზადებული ფოტო ექსპოზიცია გამოიფინება, დამთვარიელებლებს პირველად უმასპინძლებს. საზეიმო ღონისძიების ფორმატში სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ გიორგაძესთან ერთად, მოწვეულ სტუმრებსა და ვიზიტორებს სახელმწიფოსა და საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მიერ მხარდაჭერილი “ვარძიის გადარჩენის” პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო ქმედებების შინაარსსა და მიმდინარეობას გააცნობს.

პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ჯიშის ვაზით საზეიმოდ განაშენიანდება მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ახლადმოწყობილი მესხური ტერასები, სადაც ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წევრები სახელობით ნერგებს დარგავენ.
საღამოს, 18:00 საათიდან მუზეუმ ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის ქვედა სივრცე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მოღვაწე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებსა და აგრო-სამრეწველო დარგში ჩართული ფერმერების ნაწარმს დაეთმობა.

“ღამე მუზეუმში” პროგრამის მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს საბრძოლო ხელოვნების თეატრალიზებული გუნდი, გაიმართება, აგრეთვე, მოფარიკავეთა წარმოდგენა, რომელსაც სოფო ხალვაშისა და მისი მუსიკალური ბენდის კონცერტი განაგრძობს. ღონისძიებების პროგრამა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ეფექტებით გაფორმებული სანახაობრივი წარმოდგენით დასრულდება.

“ღამე მუზეუმში” საერთაშორისო აქციაა, რომელიც 2005 წელს, ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება გაერთიანების წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, პროგრამამ ფართო მასშტაბი მიიღო და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. საქართველოში ის ტრადიციულ ღონისძიებად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წელს დამკვიდრდა.

კომენტარები

კომენტარი