კინო საშემსრულებლო ხელოვნება

ინტერვიუ კიტ ჰარინგტონთან: “თერაპიის მიზნით, რვა სეზონის ყველა სერიას თავიდან ვუყურებ”

ტექსტი შეიცავს სპოილერებს!

სერიალ “სამეფო კარის თამაშების” ფინალური სეზონის პირველი ეპიზოდის პრემიერა 14 აპრილს შედგა. სერიალის მაყურებელი მეოთხე სერიის მოლოდინშია, რომელშიც თიზერის მიხედვით, რკინის ტახტისთვის ბრძოლის დრო დგება. მეორე და მესამე სერიაში ვიხილეთ მკვდართა არმიასთან ბრძოლისითვის მზადება და ომი, რომელიც ტელევიზიის ისტორიაში უდიდესი სცენაა, ის თითქმის მთელი ეპიზოდის განმავლობაში, ერთ საათს გაგრძელდა.

შეგახენებთ, რომ სერიალის ბოლო სეზონს საფუძვლად ჯორჯ მარტინის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი რომანი დაედო. ავტორის გადაწყვეტილებით “ყინულისა და ცეცხლის სიმღერის” ბოლო წიგნს მკითხველი სერიალის გამოსვლის შემდეგ იხილავს.

“არტნიუსი” გთავაზობთ ინტერვიუს ჯონ სნოუს როლის შემსრულებელთან, კიტ ჰარინგტონთან.

-დავიწყოთ პირველი ეპიზოდის იმ სცენიდან, სადაც ჯონ სნოუ იგებს, ვინ არის სინამდვილეში…

-ამ სცენაზე პირველივე სეზონიდან ვოცნებობდი. არავინ ფიქრობდა იმაზე, ვინ იყო ჯონ სნოუს დედა, ის ყველასთვის უბრალოდ ბასტარდი იყო. მაგრამ, ჟანრის ყველა კანონის თანახმად, გმირმა უნდა იცოდეს, ვინ არის სინამდვილეში, ამიტომაც არ მინერვიულია, როცა ჩემი გმირი მოკვდა (მე-5 სეზონის ბოლო სერია მთავრდება გაურკვევლად და ჩანს, რომ ჯონ სნოუ კვდება). “ის დაუბრუნდა სიცოცხლეს იმისთვის, რომ ყველაფერში გარკვეულიყო”.

როცა ამ სცენის სცენარი წავიკითხე, უბედნიერესი ვიყავი, მასში ჯონ ბრედლიც (სემუელ ტარლი) რომ დავინახე – მასთან მუშაობა ძალიან მიყვარს. მაგრამ, როგორ უნდა ითამაშო სცენა, რომელშიც შენი პერსონაჟი იგებს ისეთ რამეს, რითაც მთელი მისი ცხოვრება თავდაყირა დგება. ეს ჩვეულებრივი დრამატული სცენაა, მაგრამ აქ საკუთარ გამოცდილებას ვერ დავეყრდნობოდი, ვინაიდან მსგავსი არაფერი გამომცდია. მე და ჯონი (ბრედლი) ვმსჯელობდით იმაზე, როგორ უნდა გამომეხატა ის მრისხანება, გაბრაზება, რომელიც ჯონ სნოუს დაეუფლებოდა. ეს ხომ ამ ტიპის რეაქცია არაა: “რა მაგარია, ახლა ვიცი ვინაა დედაჩემი”, მე უნდა გამომეხატა განცდა: “საერთოდ, რატომ მითხარი ამის შესახებ?!”.

-შვიდი სეზონის განმავლობაში, თქვენმა გმირმა უამრავი რამ გამოიარა, ახლა დრაკონითაც კი იფრინა… როგორ ემზადებოდით ამ სცენების გადაღებისთვის და გაძლევდათ თუ არა რჩევებს ემილია?

-ემილიამ მითხრა, რომ თავიდან ეს სახალისო იქნებოდა, შემდეგ კი კვირების განმავლობაში მომიწევდა გადაღებები უზარმაზარი მწვანე ეკრანების ფონზე, ვიჯდებოდი რაღაც ელექტრონულ მოწყობილებაზე, თითქოს დავფრინავ და ქარიც სახეში მიბერავს… ასეც აღმოჩნდა, გადაღებები ძალიან დამღლელი იყო. შეგრძნებით ძალიან ჰგავს ამერიკულ მთების მსგავს ატრაქციონზე ჯდომას, თუმცა მალევე გბეზრდება. მე და ემილიამ სანაძლეოც კი დავდეთ, რომელი ჩვენგანი დაამთქნარებდა პირველად.

-როგორ განვითარდა თქვენი და ემილიას ურთიერთობა გადასაღებ მოედანზე, სერიალში თქვენი სასიყვარულო ხაზის ფონზე?

-საერთოდ, ჩვენ შვიდი წლის განმავლობაში მეგობრები ვიყავით. ემილია ჩემი მეუღლის, როუზ ლესლის (GOT-ში იგრიტის როლის შემსრულებელი) ახლო მეგობარიცაა. ისე განვითარდა მოვლენები, რომ ჩვენს პერსონაჟებს უნდა ეკოცნათ ერთმანეთისთვის… და ძალიან უცნაური გრძნობა იყო, როცა უცებ, ვახშმისას, როუზი მეკითხება, როგორ ჩაიარა კოცნის სცენამ…

-საინტერესოა, რას გრძნობდა თქვენი ცოლი, როცა მის მეგობარს კოცნიდით?

-ამაზე მხოლოდ ვარაუდი შემიძლია. ცოტა ხნის წინ, მე და როუზი ვიყავით ფილმზე “თაფლობის თვე”, რომელშიც როუზი ჩემს მეგობარს, ჰარი ტრედევეის კოცნის, ისინი ახალდაქორწინებულ წყვილს თამაშობენ. დარბაზში მათ შორის ვიჯექი და თვალები დახუჭული მქონდა. როუზი იმდენად კარგი მსახიობია, ფილმის ყურებისას დავიჯერე, რომ ის ჰარიზე იყო შეყვარბული.

-ახლა, როცა ფინალური სეზონიც მალე დამთავრდება, მზად ხართ კიდევ მიიღოთ მონაწილეობა რომელიმე მრავალსერიიან პროექტში?

-ახლა თეატრში მინდა დავკავდე, რომელიმე მინი-სერიალში, ან ფილმში მივიღო მონაწილეობა. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, ასე რომ, რაიმე “მოკლეს” აუცილებლად ვნახავ. ახლა, ცოტა ხანი, არ ვაპირებ გრძელვადიან პროექტში მონაწილეობის მიღებას, თუ რაიმე ექსტრაორდინარულ შემოთავაზებას არ მიღებ.

-ე.ი გიხარიათ, რომ “სამეფო კარის თამაშები” დასრულდა?

-როგორ გითხრათ, შერეულ გრძნობებს განვიცდი და მათში, რა თქმა უნდა, არის დიდი მწუხარებაც. ჩვენ 8 წელი გავატარეთ ერთად და ამ დროის განმავლობაში, შინაგანადაც და ფიზიკურადაც შევიცვალეთ. “სამეფო კარის თამაშები” ესაა ცხოვრების ერთი უდიდესი ეტაპი. მახსოვს, როგორ მივიღე ჩემი პირველი პრემია “ახალგაზრდა ჰოლივუდი”…

ახლა დავჯდები და თერაპიის მიზნით, რვა სეზონის ყველა სერიას თავიდან ვუყურებ და ალბათ, მესამედან ვერც გავაგრძელებ…

-ვხედავ, ძალიან ემოციური ხართ…

-დიახ, როგორც ჯონ სნოუ, ის ფაქტობრივად ემოა. თუ კი ასეთი პერსონაჟი რომელიმე თანამედროვე ფილმში გამოჩნდებოდა, ის, ალბათ, გოთი იქნებოდა, მუდმივად სევდიანი ბიჭი.

-“სამეფო კარის თამაშების” პრიქველის ყურებას აპირებთ?

-რა თქმა უნდა! იქ ხომ ყველაფერი სხვანაირად იქნება, სხვა შემოქმედებითი გუნდი. სტილისტურად, ალბათ, მსავსება იქნება, თუმცა სიუჟეტი სულ სხვა ხაზით განვითარდება.

-როგორ იმოქმედა თქვენზე ასეთმა დიდმა პოპულარობამ?

-იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, როცა საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტი ვიყავი, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩემს გარშემო აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც პირდაპირ და მოურიდებლად მითხრეს სიმართლე.

-მსახიობებს ხშირად მიაქვთ ხოლმე გადასაღები მოედნიდან სამახსოვრო ნივთები. თქვენ რას შენინახავთ “სამეფო კარის თამაშებისგან” სამახსოვროდ?

-ვიმედოვნებდი, რომ ჩემს აბჯარსა და ხმალს წავიღებდი, თუმცა ამის ნება არ დამრთეს, ახლა მათი ღირებულება ძალიან დიდია. მოვახერხე და დავიტოვე ჯონ სნოუს ხელთათმანები. შემპირდნენ, რომ ჩემი ხმლის კოპიოსაც დამიმზადებენ და მას სახლში, ბუხართან დავკიდებ.

ავტორი: ნელი ჰოლმსი

თარგმნა: ანუკა ღონღაძემ

კომენტარები

კომენტარი