არქიტექტურა, არქეოლოგია

ვინ დაეხმარება საფრანგეთს ნოტრ–დამის რეკონსტრუქციისთვის?

ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთის მემკვიდრეობის ფონდმა ეროვნული კამპანია დაიწყო. 

ევროპის უმდიდრესმა ადამიანმა, კომპანია LVMH ის ჯგუფის მმართველმა პარტნიორმა და CEO-მ ბერნარ არნომ განაცხადა, რომ მისი ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება $91.7 მილიარდს შეადგენს. ბერნარ არნოს LVMH აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Dior, Bulgari, Celine & Louis Vuitton. 

ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ფრანგმა, კომპანია Kering-ის მფლობელმა, ფრანსუა ანრი პინომ უკვე განაცხადა, რომ ტაძრის აღდგენის ფონდში სულ მცირე 100 მილიონ ევროს გადარიცხავს. პინოს კომპანიას “ბალენსიაგას”, “გუჩის”, “ალექსანდრ მაკქვინისა” და “ივ სენ ლორენის” ბრენდები ეკუთვნის.

„მამაჩემმა ფრანსუა პინომ და მე გადაწყვეტილება მივიღეთ კომპანია Artemis-ის ფონდებიდან 100 მილიონი ევრო გამოვყოთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციაზე“, – განაცხადა ფრანსუა-ანრი პინომ.

Forbes.ge-ს ცნობით, საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანიას ქართული კერძო ბიზნესიც უერთდება. ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი “კ და ქართული სპირტები” ძეგლის აღსადგენად €10,000-ის გადარიცხვას გეგმავს.

ამის გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დასახმარებლად საუკეთესო რუსი სპეციალისტების გაგზავნა შესთავაზა.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინმა მაკრონს წერილი გაუგზავნა და საფრანგეთში მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

“ნოტრ-დამი არის საფრანგეთის ისტორიული სიმბოლო, მსოფლიო და ევროპული კულტურის ფასდაუდებელი საგანძური და ქრისტიანობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავი. პარიზში მომხდარმა კატასტროფამ რუსებს გული ატკინა”, — წერს პუტინი.

ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 50 მილიონი ევრო გამოიყოფა პარიზის ბიუჯეტიდან. დამატებით 10 მილიონს გამოყოფს საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონი. გარდა ამისა, გრანტები უკვე გამოყო ევროკომისიამ, იუნესკომ, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ძლიერმა ხანძარმა თითქმის სრულად გაანადგურა. ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი შპილი, რომლის ჩამონგრევის კადრებიც მთელმა მსოფლიომ იხილა.

ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს – ვარდულს და ორ მთავარ კოშკს. დამწვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად ბოლო 24 საათზე ნაკლებ დროში $680 მილიონზე მეტი შეგროვდა.

სხვა შემომწირველები:

L’Oreal, the ბეტენკორტ მეიერსის ოჯახი და ბეტენკორტ შულერის ფონდი: €200 მილიონი  ($226 მილიონი)

პარიზის მერი ან იდალგო: დედაქალაქის ბიუჯეტი ტაძრის რესტავრაციისთვის €50 მილიონს გამოყოფს

ფრანგული ბანკი Agricole: €5 მილიონი ($5.6 მილიონი)

საკონსულტაციო ჯგუფი Capgemini SE: €1 მილიონი ($1.13 მილიონი)

ინვესტორი მარკ ლადღე დელაშაღიეღი: €10 მილიონი ($11 მილიონი)

სამრეწველო კომპანია Martin and Olivier Bouygues-ი: €10 მილიონი ($11 მილიონი)

საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი: €1.6 მილიონი ($1.8 მილიონი)

დღესვე ცნობილი გახდა, რომ Apple-ი ნოტრ-დამის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის ფულს გადარიცხავს.

კომენტარები

კომენტარი