საშემსრულებლო ხელოვნება

5 უცნობი ლეგენდარული მუსიკოსი იაპონიიდან

იაპონიას მუსიკალურ სფეროში საკმაოდ გრძელი და შთამბეჭდავი ისტორია აქვს. ამ ქვეყანამ არაერთი ნიჭიერი ადამიანი აჩუქა სამყაროს. მიუხედავად ამისა, მის წიაღში წარმოიშვა არაერთი ნაკლებ ცნობილი, თუმცა არანაკლებ ნიჭიერი მუსიკოსი. მათგან 5 ყველაზე მნიშვნელოვანს დღეს “არტნიუსი” გთავაზობთ:

ჰიპ ტანაკა (Hip Tanaka)

თუ ოდესმე ვიდეო თამაშები გითამაშიათ, დიდი შანსია, რომ ჰიპ ტანაკას მუსიკა გეცნოთ. კომპოზიტორი, მუსიკოსი და ხმის დიზაინერი ისეთი თამაშების საუნდტრეკების ავტორია, როგორებიცაა: Metroid, Kid Icarus, Donky Kong Super Mario Land, Tetris, Mother, Dr. Mario, Pokemon და სხვა.

ელექტრონული ინჟინერიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ტანაკამ ცნობილ კომპანიაში Nintendo ხმის დიზაინერად დაიწყო მუშაობა. სინამდვილეში, მას არასდროს ჰქონია გეგმაში ემუშავა ამ მიმართულებით, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ ეს საქმე საკმაოდ არასტრესული ჩანდა და ღირდა ცდად, “დანარჩენი კი, როგორც იტყვიან, ისტორიაა”.

ზუბომბსი (Zoobombs)

1994 წელს ფორმირებული ბენდი Zooboms დღემდე იაპონიის მიწისქვეშა როკ-ენ-როლის ერთ-ერთი წამყვანი ბენდია. გასული 23 წლის განმავლობაში, ჯგუფი შეუსვენებლად აკეთებდა ტურნეებს, უშვებდა ალბომებსა და სინგლებს, ხშირად დაშლილან, რეფორმირებულან, შეუცვლიათ ჟანრი, თუმცა ერთი რამ უცვლელია – ზუბომბსის ენერგია. თუ იაპონიაში მოხვდებით, აუცილებლად მოიკითხეთ, რადგან დიდი შანსია, რომ ისინი თქვენ მახლობლად უკრავდნენ.

ჰანატარაში (Hanatarash)

Hanatarash ქართულად “წუწუნას” ნიშნავს, რამაც შესაძლოა მიგახვედროთ, როგორია ბენდის დამოკიდებულება. ჰანატარაშის ყველაზე ძლიერი მხარე მათი შოკური ლაივები გახლდათ.

უკანასკნელად, როდესაც ბენდი სცენაზე გამოჩნდა, მისმა სოლისტმა, იამანტაკა აიმ თითქმის მთლიანად გაანადგურა დარბაზი, რომლის კედლებსაც ბულდოზერით შეეჯახა, შიდა სივრცეში კი, ნივთები, რომლებსაც ხელ-ფეხით ვერ გაუმკვლავდა, ელექტრო ხერხით დაჭრა.

ჰაკო (Haco)

მომღერალი და კომპოზიტორი, მულტი ინსტრუმენტალისტი და ხმის არტისტი, ჰაკო კარიერის დაწყებიდან (80-იანების დასაწყისი) დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი არტისტია. მსოფლიოს ყურადღება მან მიიპყრო მაშინ, როდესაც ჯგუფ After Dinner-ის სოლისტი იყო (1981-1991 წლებში). უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კი იგი იმპროვისტულ სცენაზე მოღვაწეობს, ქმნის ხმის პერფორმანსებს და მათ არტ გამოფენებისა და ინსტალაციების სახით წარუდგენს მაყურებელს.

ჰარუონი ჰოსონო (Haruomi Hosono)

ჰარუომი ჰოსონო, იგივე ჰარი ჰოსონო, საერთაშორისოდ ცნობილია, როგორც ლეგენდარული იაპონური როკ ბენდ Happy End-ისა და ელექტრონული მუსიკის ბენდ Yellow Magic Orchestra-ს წევრი.

მას შემდეგ, რაც ზემოთქმულ ბენდებში მოღვაწეობა დაასრულა, ჰოსონომ ხელი სოლო კარიერას მიჰყო, რის შემდეგაც დააგროვა საკმაოდ დიდი დისკოგრაფია ელექტრონული და ამბიენტ ალბომების. საბოლოოდ, “მისი სახელი იაპონიის 100 ყველაზე მნიშვნელოვან პოპ არტისტს შორის შევიდა”.

კომენტარები

კომენტარი