საშემსრულებლო ხელოვნება

მე სექსიზმი დავამარცხე | Peggy Gou

28 წლის სამხრეთ კორეელი დიჯეი და პროდიუსერი Peggy Gou პირველი ქალია, რომელმაც შეძლო ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაში სექსიზმი დაემარცხებინა. იგი დიდი წარმატებით მოღვაწეობს როგორც კორეის, ისე მსოფლიოს საკლუბო სივრცეში.

მიუხედავად იმისა, რომ Peggy-ს მთავარი სამოღვაწეო სფერო მუსიკაა, იგი წარმატებით ართმევს თავს დიზაინერობასა და ილუსტრატორობასაც.

გასულ წელს მან 200-მდე შოუ ჩაატარა, რომლებსაც გულშემატკივრები თითქმის ყველა კონტინენტიდან ესწრებოდნენ.

Gou საკუთარ მუსიკალურ სტილს ქეი-ჰაუსს (K-House) უწოდებს. “ძალიან მიჭირს განვსაზღვრო საკუთარი ჟანრი” – ამბობს მუსიკოსი. კატეგორიზაციას ართულებს ის, რომ პეგის მუსიკაზე გავლენა რამდენიმე ჟანრს თანადროულად და თანაბრად აქვს, ესენია: Acid house, old-school Chicago house და Detroit techno, შიგადაშიგ, აფრიკული ბითებით.

მისი მუსიკალური სეტებიც ისეთივე მიმზიდველია, როგორც ცალკეული ტრეკები. “ჩემი ყველაზე დიდხნიანი სეტი 6 საათი გაგრძელდა – ეს საკმაოდ რთულია. სამი საათი საკმაოდ ნორმალური დროა ჩემთვის”. მოგეხსენებათ, ქეი-პოპი (K-pop) ბოლო ხანებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმდინარეობაა. პეგიც ხშირად ასოცირდება ამ მიმდინარეობასთან, თუმცა, მისივე თქმით “მხოლოდ ის, რომ კორეულად ვმღერი… არ მინდა უხეშად გამომივიდეს, დიდად არ ვუსმენ, რადგან არც ისე მიმზიდველი ტექსტები აქვთ”.

Peggy Gou-მ დიჯეინგი 10 წლის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც მის ქალაქში ამ მიმართულების მასწავლებელი გამოჩნდა. მოგვიანებით, 2012 წელს, როდესაც ლონდონში მოდის დიზაინის სასწავლებლად (ლონდონის მოდის კოლეჯში) ჩავიდა, მან უფრო სერიოზულად მიჰყო ხელი საკუთარ მუსიკალურ კარიერას. “მიწევდა კოლეჯში სიარული, თუმცა დიდად აღარ ვიყავი დაინტერესებული. კურსი ვერ დავხურე და ჩემმა მშობლებმა უკან დაბრუნების უფლება არ მომცეს, მომიწია კიდევ 11 თვე გამეტარებინა ლონდონში. როგორც კი სწავლა დავამთავრე, მუსიკის საკეთებლად ბერლინში გადავწყვიტე გადასვლა”.

პეგის მიზანი იყო გამხდარიყო პირველი კორეელი ქალი, რომელიც ბერლინის საკულტო კლუბში Berghain დაუკრავდა და ამ მიზანს მან 2016 წელს მიაღწია. თუმცა, მისი თქმით, მშობლები აღფრთოვანებულები არ იყვნენ. “დასაწყისში ფული არ მქონდა. სტუდენტი ვიყავი და მათ უწევდათ გადახდა. ისინი ფიქრობდნენ: “ჯერ მოდა. ახლა მუსიკა. შემდეგი რა იქნება? თუმცა მე ვთხოვე, რომ კიდევ ერთი წელი დავეფინანსებინე. საბოლოოდ, შედეგიც დავანახე”.

ამჟამად, Peggy Gou ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიჯეია არა მხოლოდ კორეაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმ სფეროში, რომელსაც, ძირითადად, კაცები მართავენ. როგორც წესი, ამ მიმართულებით მომუშავე ქალები იმის ნახევარს გამოიმუშავებენ, რამდენსაც მათი საწინააღმდეგო სქესი, თუმცა, Gou-ს თამამად შეუძლია ისაუბროს სექსიზმის წინააღმდეგ საკუთარ გამარჯვებაზე:”მე ისინი სიკეთით დავამარცხე. ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, უკვე დავამტკიცე, რომ ისინი ცდებოდნენ”.

პეგის აზრით, ქალებს დიჯეინგის სფეროში დიდი მომავალი აქვთ.

კომენტარები

კომენტარი