არტ მენეჯმენტი

ნეპალში PUBG აიკრძალა

ნეპალში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პოპულარული თამაში “PlayerUnknown’s Battlegrounds” აიკრძალა. მიზეზად კი ბავშვებზე მისი მავნე ზეგავლენა დასახელდა.

მულტიპლეიერულ თამაშში, რომელიც PUBG–ის სახელითაა ცნობილი, მოთამაშე პარაშუტით კუნძულზე ეშვება, სადაც იარაღი და აღჭურვილობა უნდა მოიპოვოს და სხვები დახოცოს, რათა გადარჩეს. უკანასკნელი მოთამაშე, ან გუნდი იმარჯვებს. ნეპალის ტელეკომუნიკაციების საბჭომ განიხილა ეს საკითხი და გასულ ხუთშაბათს PUBG-თი სარგებლობა ინტერნეტის მომხმარებლებს შეუწყდათ.

“ჩვენ მთავრობისგან მივიღეთ დავალება, რომ აგვეკრძალა ეს თამაში, რადგან საჩივრების ზღვა რაოდენობა შემოდიოდა მშობლების, მეურვეებისა და სკოლის მუშაკების მხრიდან. ისინი თამაშის დაბლოკვას ითხოვდნენ, რადგან ის მავნე ფსიოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა თინეიჯერებსა და სტუდენდებზე” – განაცხადა პოლიციის უფროსმა AFP–თან ინტერვიუს დროს.

სამხრეთ კორეაში შექმნილ თამაშს 100 მილიონზე მეტი გადმოწერა აქვს მსოფლიოს გარშემო, მას შემდეგ, რაც 2017 წელს თამაში ჩაეშვა.

მშობლებისა და მასწავლებლების თქმით, თამაში მოსწავლეებში ძალადობას აღძრავს და სწავლას აშორებს.

მოსწავლეების თქმით, PUBG-ის აკრძალვა გამოსავალი არ არის, რადგან შემდეგ წელს 10 იმავე ტიპის თამაში გაჩნდება, ყველას აკრძალვა კი შეუძლებელია.

PUBG აკრძალულია, აგრეთვე, ინდოეთის შტატ გუჯარათში, სადაც ათობით ადამიანი დააკავეს თამაშის გამო.

კომენტარები

კომენტარი