ვიდეოები ვიზუალური ხელოვნება

ასტროფიზიკოსებმა შავი ხვრელის პირველი ფოტო გადაიღეს (ვიდეო)

მეცნიერებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტ Event Horizon Telescope-ში, 10 აპრილს, ისტორიაში პირველად გადაიღეს შავი ხვრელის ფოტო.

გამოსახულება დაფიქსირებულია 8 ტელესკოპის საშუალებით, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე იყო განთავსებული. პროექტში 200-ზე მეტი ასტროფიზიკოსი მონაწილეობდა.

“ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, იმაზე დიდია, ვიდრე მზის მთელი სისტემა” – აღნიშნა ნეიმგენის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰაინო ფალკემ BBC-ისთან საუბარში. მეცნიერის თქმით, შავი ხვრელის მასა მზის მასას 6,5 მილიარდჯერ აღემატება. დედამიწიდან ამ შავ ხვრელამდე მანძილი 50 მილიონი სინათლის წელიწადს შეადგენს, ანუ თითქმის 500 კვანტილიონ კილომეტრს.

მეცნიერის შეფასებით, ეს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ხვრელია. აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ დრომდე, შავ ხვრელზე ყველა წარმოდგენა თეორიული იყო და მათი არსებობა მხოლოდ სამეცნიერო ჰიპოთეზას წარმოადგენდა.

შავი ხვრელი ესაა არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი არ შეუძლია მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვედრისას. შავი ხვრელი, სავარაუდოდ, წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და იწყებს კვდომას.

ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას — სინათლის ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი — „შავი ხვრელი“, ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება.

ტერმინი „შავი ხვრელი“, პირველად, ამერიკელმა ფიზიკოსმა ჯონ უილერმა 1967 წელს, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი