კულტურა

რას გულისხმობს დედაქალაქის ხელისუფლების მიერ დაწყებული ბიბლიოთეკების რეფორმა?

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქალაქის ბიბლიოთეკებში შექმნილ ვითარებას არასახარბიელო უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ეს სფერო რეფორმირებას საჭიროებს.

„ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ბიბლიოთეკების გადატანას მედიათეკებში. დღევანდელი ვითარება ბიბლიოთეკებში მართლაც არასახარბიელოა. მკითხველს იქ შესვლისა და წიგნის წაკითხვის არავითარი სურვილი არ გაუჩნდება. ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს“, – განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ რეფორმა მიზნად ისახავს ქალაქის ბიბლიოთეკებში ვითარების გამოსწორებას და არა თანამშრომლების გათავისუფლებას: “ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ადგილი ჰქონდა თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებას. ბიბლიოთეკების თანამშრომლების წინაშე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მათ სამსახურიდან არავინ გაუშვებს. ბიბლიოთეკარები მუშაობას უფრო კარგ და სუფთა გარემოში გააგრძელებენ”.

მთავრობის სხდომაზე მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ ბიბლიოთეკების რეფორმის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ რეფორმის მთავარი მიზანი ბიბლიოთეკების კულტურის ცენტრებად ქცევა და იქ მკითხველთა რაოდენობის გაზრდაა.

მისივე თქმით, დედაქალაქს დიდ დიღომსა და ვარკეთილში მალე ორი მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა შეემატება.

„ამ კვირაში სრულდება რეფორმის პირველი ეტაპი, რაც ბიბლიოთეკების – ა(ა)იპ მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში ადაპტირებას გულისხმობს, სადაც უკვე სამი მედიათეკა გაერთიანდა. შედეგად, ორი დამოუკიდებელი სტრუქტურა ერთ სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს. აქვე მსურს, გამოვეხმაურო ოპონენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ ვაპირებთ ბიბლიოთეკების ნგრევას, რაც, რა თქმა უნდა, არასწორი ინფორმაციაა. თბილისს კიდევ ორი ახალი ბიბლიოთეკა შეემატება. ეს იქნება მულტიფუნქციური შენობები დიდ დიღომსა და ვარკეთილში, სადაც შენობის უმთავრესი ნაწილი, სწორედ მედიათეკას ეთმობა. ვფიქრობ, ჩვენი რეფორმა წარმატებით დასრულდება და ჩვენ ჩვენს ბიბლიოთეკარებთან ერთად, მკითხველთა რაოდენობის გაზრდას შევძლებთ“, – განაცხადა სოფია ხუნწარიამ.

კომენტარები

კომენტარი