საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ლაშა ბუღაძის პიესა „ნავიგატორი“ ამერიკის თეატრში დაიდგა

„RED Lab Productions“ წარმოგვიდგენს ლაშა ბუღაძის ნაწარმოების „შეყვარებული ნავიგატორი“ დადგმას, ადამ ნაითის რეჟისორობით. წარმოდგენა, ქართულ-ამერიკული თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, 13 ივლისიდან 6 აგვისტომდე გასტანს. მსურველებს მისი ხილვა ნიუ-იორკის „TEATRO CIRCULO-ში“  შეეძლებათ. სპექტაკლი  დაახლოებით 80 წუთს უწყვეტად გრძელდება.

ნაწარმოები მოგვითხრობს 45 წლის როსტომის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ სამსახურში დააწინაურეს და მანქანა გადასცეს. კომპანიის მანქანა GPS-ის უახლესი სისტემით არის აღჭურვილი. რეალურ ცხოვრებაში  სასიყვარულო წარუმატებლობის შემდეგ, როსტომი ილუზორულ გაუგებრობაში აღმოჩნდება. მას მანქანის ნავიგატორი ესაუბრება და გაუმხელს, რომ როსტომი უყვარს. ამის შემდეგ მამაკაცი რთული დილემის წინაშე დადგება და არჩევანის გაკეთება ბასრ რეალობასა და ვირტუალურ ინტიმურობას შორის უწევს.

ლაშა ბუღაძე ქართელი ნოველისტი და დრამატურგია, რომლის ნამუშევრებიც გერმანიაში, ინგლისსა და საფრანგეთში არაერთხელ დაიდგა. მან 2007 წელს გაიმარჯვა BBC-ის საერთაშორისო რადიო პიესების კონკურსში. ბუღაძე აგრეთვე არის ტელე და რადიოწამყვანი. ამასთან ერთად, იგი აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში.

ქართულ-ამერიკული თეატრალური  პროექტის ფარგლებში, ამერიკელი საზოგადოება გაეცნობა ქართველ ავტორთა 9 ნაწარმოებს.

„Red Lab Productions“ არის საერთაშორისო კოლექტივი, რომელიც ხელოვნებისა და სხვადასხვა პერფორმანსების სახით ერთგვარ დიპლომატიურ–კულტურულ ხასიათს ატარებს. ირინა გაჩეჩილაძის მიერ დაარსებული „RED LAB–ი“ 4 სხვადასხვა ქვეყანაში მართავს წარმოდგენებს როგორც ტრადიციულ, ისე არატრადიციულ ლოკაციებზე. ამ ყველაფრის მიზანი, დამფუძნებლების განცხადებით, არტისტებისა და აუდიენციის კროს-კულტურული „დამტვერვაა“.

კომენტარები

კომენტარი