ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისში ჯორჯო დე კირიკოს გამოფენა გაიხსნება

თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 27 მარტს გამოფენა “ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის” გაიხსნება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

ჯორჯო დე კირიკო იტალიელი მხატვარია, რომელიც მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლად ითვლება. 1917 წელს, მან მხატვარ კარლო კარასთან ერთად ერთად მეტაფიზიკური მხატვრობის მოძრაობა დააარსა.

გამოფენისთვის – „ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის” შეირჩა 1920-1970-იან წლებს შორის შექმნილი თხუთმეტი ნამუშევარი. ექსპოზიცია თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ დე კირიკოს ყველაზე „ნატურალისტური” ნამუშევარიც კი ყოველთვის სიურრეალისტურ სამყაროზე მიანიშნებს.

“სიურრეალიზმის ერთ-ერთ უდიდეს წინაპირობად დე კირიკოს მეტაფიზიკური ფერწერაა მიჩნეული. მხატვარი ქალაქების სტრუქტურას, სახლების არქიტექტურას, კვადრატებს, ბაღებს, საჯარო მსვლელობებს, კარიბჭეებსა თუ რკინიგზის სადგურებს გადმოსცემს კაშკაშა განათების, მკვეთრი ჩრდილებისა და მკაფიო ფერების მეშვეობით და თითქოს მარადიული ფორმების იდეალს ამკვიდრებს. მხატვრის ნამუშევრებში ხშირად ჩანს ანტიკური და რენესანსული მოტივები.

იტალიელი ხელოვანი თავის შემოქმედებაში იყენებს ეზოთერიზმის პრინციპებს და გულგრილი ვერ რჩება ენიგმატური შინაარსის მქონე მიმდინარეობის მიმართ – მან შეძლო უსულო საგნების საიდუმლო მნიშვნელობით გაჯერება, რაც კარგად ჩანს მის პირველივე მეტაფიზიკურ ნამუშევარში „შემოდგომის შუადღის ენიგმა” – ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

გამოფენის კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი