შემოქმედებითი ინდუსტრიები

დიდი პრემიერა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკა“

5 აპრილს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართება ჯაკომო პუჩინის ოპერის „ტოსკას“ პრემიერა. დადგმა პუჩინის ფესტივალის და თბილისის ოპერის თეატრის ერთობლივი პროდუქციაა, რომელიც პირველად 2018 წელს  იტალიაში, პუჩინის ფესტივალზე ტორე დელ ლაგოში განხორციელდა. წელს კი მისი პრემიერა  თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე შედგება. „ტოსკას“ დადგმა ეკუთვნის იტალიელ რეჟისორს ჯანკარლო დელ მონაკოს, უდიდესი იტალიელი ტენორის მარიო დელ მონაკოს შვილს. დამდგმელი დირიჟორია ჯანლუკა მარტინენგი, სცენოგრაფი კარლო ჩენტოლავინი, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი.

საპრემიერო ჩვენებები ასევე გაიმართება 6, 7, 10, 13, 14 აპრილს.

სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები და მოწვეული საოპერო ვარსკვლავები.

სარდუს დრამა „ტოსკა“ დაიწერა გამოჩენილი მსახიობისთვის სარა ბერნარისთის. ამ პიესის პრემიერა 1887 წელს პარიზში პორტ სენ მარტენის თეატრში შედგა და დიდი წარმატება ხვდა წილად. პუჩინის იმდენად მოეწონა ეს სპექტაკლი, რომ გადაწყვიტა ამ პიესის მიხედვით ოპერა დაეწერა. პუჩინის ოპერის „ტოსკას“ პრემიერა 1900 წლის 14 იანვარს, რომში, ტეატრო კოსტანციში გაიმართა. ტოსკას პარტიას სახელგანთქმული ჰარიკლეა დარკლე ასრულებდა. სპექტაკლს ესწრებოდა დედოფალი მარგარიტა, კულტურის მინისტრი ბაჩელი, ცნობილი კომპოზიტორები პიეტრო მასკანი და ფრანჩესკო ჩილეა. თავდაპირველად ოპერას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუმცა ცოტა ხანში დაიპყრო მსოფლიო საოპერო სცენები და დღეს ყველა ოპერის თეატრის მუდმივ რეპერტუარშია.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პუჩინის ოპერა „ტოსკა“ მსოფლიო პრემიერიდან სულ რაღაც 4 წელიწადში 1904 წლის 5 თებერვალს დაიდგა და მას შემდგომ დაიმკვიდრა ადგილი თეატრის რეპერტუარში.

კომენტარები

კომენტარი