ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

Black Lion-ი ფიროსმანის სახელობის თბილისის საერთაშორისო სახელოვნებო კონკურსს აცხადებს

თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი Black Lion პირველად აცხადებს თბილისის საერთაშორისო სახელოვნებო კონკურსს სახელწოდებით Pirosmani Vibes. 

კონკურსი ეძღვნება ლეგენდარულ ქართველ მხატვარს, ნიკო ფიროსმანაშვილსა და მის შემოქმედებას. საკონკურსო ნამუშევრებმა უნდა გამოხატონ ფერწერის იდეები და მისი სულისკვეთება.  

კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 3 ნომინაციაში (ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთ ნომინაციაში მონაწილეობის მიღება):   

1) სახვითი ხელოვნება (ნახატები, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტოგრაფია, კოლაჟი, დეკორატიულ-გამოყენებითი ნამუშევრები);  

2) ლიტერატურული ნიმუშები (პროზა, ესსე, პოეზია);   

3) მუსიკალური ნაწარმოებები – (სიმღერა, კომპოზიცია).  

ნამუშევრების მიიღება ელ. ფოსტაზე blacklion.pirosmanivibes@gmail.com 2019 წლის 22 აპრილამდე. 

საკონკურსო ნამუშევრების მიღება მიმდინარეობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.   

როგორც “არტნიუსთან” გამოგზავნილ პრესრელიზშია ნათქვამი, გამარჯვებულებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, გამოჩენილი მხატვარი ლევან მოსიაშვილი და ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაციის პრეზიდენტი ჯემალ გოგიშვილი.   

დაჯილდოების ცერემონია 3 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.  

“ფიროსმანის შემოქმედება ამოუცნობ ფენომენად რჩება, რომელიც გაცდა საქართველოს ფარგლებს. მისი ერთდროულად მარტივი და გენიალური ნაწარმოებები კი უკიდეგანო ინსპირაციად რჩება თანამედროვე ხელოვანებისთვის. მე ვიტყოდი, რომ ფიროსმანი არის საქართველოს ყველაზე ლამაზი და იდუმალი სიზმარი. საბედნიეროდ, დღევანდელ საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი და უნიკალური ხელოვანი მოიპოვება და მათი შემოქმედება არანაკლები სილამაზისა და საიდუმლოს განსახიერებაა. ზუსტად ისინი არიან საქართველოს ახალი სიზმრები. და ჩვენ ვიწყებთ ამ სიზმრების შეგროვებას” – ამბობს ანასტასია ხატიაშვილი, Black Lion-ის დირექტორი.  

“ფიროსმანის ნაივური შემოქმედება უკვე დიდი ხანია, რაც მასობრივი კულტურის საგნად იქცა. იმ მხატვრის სახელი კი, რომელიც უკიდურეს სიღარიბესა და გაურკვევლობაში გარდაიცვალა , სავიზიტო ბარათად. ამიტომ კონკურსის თემა დაიბადა თავისით, ხანგრძლივი ფიქრის და ანალიზის გარეშე. ფიროსმანის შემოქმედება ძალიან ბევრი ადამიანისთვის რჩება შთაგონების წყაროთ. აქედან გაჩნდა სურვილი მოგვეზიდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან და მოგვეწყო საერთაშორისო დონის კონკურსი”,  – განაცხადა პროექტების ხელმძღვანელმა, ეკატერინე მინასიანმა.


კომენტარები

კომენტარი