შემოქმედებითი ინდუსტრიები

Neticle: როგორია დემნა გვასალიას ონლაინ რეპუტაცია საქართველოში?

პარიზი, მოდის სამყაროს ცენტრი, იშვიათად უღებს კარს დიზაინერს აღმოსავლეთიდან, თუმცა დემნა გვასალია უკვე მსოფლიოში სახელგანთქმული ხელოვანია. მას შემდეგ რაც მისმა ბრენდმა Vetements პოსტსაბჭოური ესთეტიკა მსოფლიოს შეაყვარა და თავად ბალენსიაგას კრეატიული დირექტორიც გახდა, დემნაზე საუბრობენ ყველგან.

Neticle დაინტერესდა რამდენად პოპულარულია იგი საკუთარ სამშობლოში, საქართველოში, სადაც მდიდარი ადამიანებით სავსე მოდაზე გაგიჟებული მეგაპოლისებისგან განსხვავებით, აქ ძვირფას დიზაინერულ სამოსში გამოწყობილი ადამიანები ხშირად არ გვხვდებიან. Neticle-მა მოიძია დემნა გვასალიას, ვეტმენსისა და ბალენსიაგას ყველა ხსენება (Mention) 2018 წლის იანვრიდან დღემდე.

შედეგებმა აჩვენა, რომ დიზაინერს და მის პარიზულ მოდის სახლს ასობით ხსენება აქვს, თუმცა მის საკუთარ ბრენდზე იშვიათად საუბრობენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სადაც ნახსენებია ბალენსიაგა, იქვე ფიგურირებს დემნა გვასალიას სახელიც.


ხსენებათა დღიური რაოდენობა

ხსენებათა უდიდესი წილი მოდის პრესაზე, სტატიებსა და ქავერ სტატიებზე, თუმცა სოციალური მედიის მომხმარებლები ნაკლებად საუბრობენ დემნა გვასალიასა და მის საქმიანობაზე.

სასიამოვნო ფაქტია, რომ პრესა ცდილობს, ხალხს გააცნოს მსოფლიოში ცნობილი ქართველი დიზაინერის წარმატების ისტორია. სიახლეების უმეტესობა გვასალიას დადებით რეპუტაციაზე მიუთითებს. გრაფიკებზე ფიქსირდება რამდენიმე კულმინაცია, რომელზეც ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება. ყველაზე საინტერესო ამბები ხდებოდა 2018 წლის დეკემბერში, როდესაც დემნამ Fashion Award-ის ჯილდო მიიღო და ამავე დროს ქართველი დიზაინერის, ავთანდილ ცქვიტინიძის პლაგიატში დაადანაშაულეს.

ხსენებათა განაწილება პლატფორმების მიხედვით

როგორც საკვანძო თემები გვიჩვენებს, სტატიების უმეტესობა მაშინ იწერება, როდესაც რომელიმე სელებრითი დემნა გვასალიას სამოსით ჩნდება საზოგადოებაში. მათ შორის არიან რიანა, კენდალ ჯენერი და იუთუბერი პიუდიპი. ახალ ამბებში წერენ იმასაც, თუ რამდენად გაიზარდა მოდის სახლის შემოსავლები და პოპულარობა, მას შემდეგ რაც სათავეში დემნა გვასალია ჩაუდგა და საკუთარი უნიკალური სტილი დანერგა.

ყველაზე ხშირი თემები

საბოლოო ჯამში, თუ დავეყრდნობით Neticle-ის საერთაშორისო გამოცდილებას სოციალური მედიის კვლევასა და ბრენდის მონიტორინგში, შეიძლება ითქვას, რომ წელიწადში 800 ხსენება ცუდი შედეგი არაა, თუმცა სოციალური მედიის მომხმარებელთა ნაკლები ჩართულობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს თემა საინტერესოა საგაზეთო სტატიებისთვის, მაგრამ არასაკმარისად აქტუალურია ქართველებისთვის.

კომენტარები

კომენტარი