კინო

სალომე კალანდია Netflix-ისთვის სერიალს გადაიღებს

ქართველი რეჟისორი სალომე კალანდია, მედია პროვაიდერისთვის Netflix, ისტორიულ სერიალს იღებს. ის პროექტზე ცნობილ ბრიტანელ რეჟისორთან, პიტერ ვებერთან ერთად მუშაობს. ინფორმაციას “მარკეტერი” ავრცელებს.

„გადაღებები18 ოქტომბერს, ტუნისში დავიწყეთ და 20 კვირის განმავლობაში ვიმუშავებთ. შემდეგ კი Post Productions პარიზსა და ბერლინში გავაკეთებთ. გადამღებ ჯგუფში 500 ადამიანია. ფილმის ოპერატორი ნიკოლა პეკორინია, რომელმაც გადაიღო ტერი გილიამის Fear and Loathing in Las Vegas, მუშაობდა ბერნარდო ბერტოლუჩისთან ფილმებზე: Stealing beauty, The last emperor, The little Buddha“, – ამბობს “მარკეტერთან” სალომე კალანდია.

წყაროს ცნობით, სერიალი ქართველ ბიჭზე იქნება, რომელსაც მოიტაცებენ და კაიროში მამლუქად წაიყვანენ. ამბის თხრობა საქართველოდან იწყება.

„5 წლის წინ, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვმუშაობდი, სადაც ჟიურის წევრი იყო პიტერ ვებერი. ორჯერ  შემომთავაზა, მასთან ერთად ფილმზე მუშაობა, მაგრამ მაშინ ვერ წავედი. მესამე შეთავაზებას დავთანხმდი და დავიწყეთ კიდეც სერიალის გადაღება. პიტერ ვებერთან ერთად ფილმის გადაღებას საქართველოშიც ვგეგმავთ. ახლა იწერება სცენარი. ჯერჯერობით, სულ ეს არის, რაც ამ პროექტზე შემიძლია გითხრათ“, – აცხადებს ქართველი რეჟისორი.

კომენტარები

კომენტარი