კულტურა

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ღია კარის დღე

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიება კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო კამპანიის ეტაპები და ძირითადი სიახლეები, რომელიც 2019 წელს კონკურსის ფარგლებში ხორციელდება.

პრეზენტაციას უძღვებოდნენ პროექტის გასული წლის გამარჯვებული მანანა კაპეტივაძე, 2017-2018 წლების ფინალისტები ნათია ფურცელაძე და დაჩი ნანობაშვილი. მასწავლებლებმა ისაუბრეს კონკურსში მონაწილეობის გამოცდილებასა და მნიშვნელობაზე, დაინტერესებულ პირებს მისცეს რჩევები სააპლიკაციო ფორმის შევსებასთან დაკავშირებით და ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა დასმულ შეკითხვას.

„მინდა გაცნობოთ, რომ ჯილდოს პოპულარიზაციისა და მასწავლებლების ჩართულობის გაზრდის მიზნით, ასეთი ტიპის შეხვედრები საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. შეხვედრებს გაუძღვებიან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017-2018 წლების საუკეთესო ათეულების წევრი მასწავლებლები და დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ კონკურსში მონაწილეობის წესებს, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს. განრიგის ნახვა შეგიძლიათ ჯილდოს გვერდზე www.tprize.ge“ – განაცხადა კოალიციის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დაწესდა კოალიციის „განათლება ყველასათვის“ ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით. წელს კონკურსი მესამედ ტარდება და მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, წარმატებული მასწავლებლის გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი. მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი და საზოგადოებრივი მაუწყებელი.

კომენტარები

კომენტარი