ლიტერატურა

“ჭინკებიდან” – “მექანიკურ ფორთოხლამდე”

ინგლისელი მწერლის, ანტონი ბერჯესის რომანი, სახელად “მექანიკური ფორთოხალი” 1962 წელსაა დაწერილი. მასში ახალგაზრდა ბიჭის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც, ისტორიის დასაწყისში, საკუთარ “ბანდასთან” ერთად კანონსაწინააღმდეგო, სადისტურ საქმიანობას ეწევა. ისინი ძარცვავენ, ცემენ, აუპატიურებენ ადამიანებს. არასრულწლოვანი დამნაშავე სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილ ე.წ. “ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის” კურსს გაივლის, რომელიც, ერთი შეხედვით, ძალადობრივი ინსტინქტის ჩასახშობად არის გამიზნული. საბოლოოდ, ვხვდებით, რომ ამ კურსის მიზანი სახელმწიფოს მიერ ხალხის მხრიდან წინააღმდეგობის აღკვეთაა.

ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ანტონი ბერჯესის მეუღლე ამერიკელმა დეზერტირებმა გააუპატიურეს. ამ შემთხვევამ, ცხადია, ბერჯესზე წარუშლელი კვალი დატოვა. იგივე გადახდება მისი რომანის ერთ-ერთ გმირს, ალექსანდერსსაც. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოთხსენებული ავტორის რომანი “მექანიკური ფორთოხალი”, ერთგვარი, ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია, იგი მწერლის განცდილს ემყარება და მასზე მოგვითხრობს. დანარჩენი ნაწილი კი, ერთი მხრივ, მისი დამნაშავის მიმართ წლების მანძილზე ნაფიქრი და გადააზრებული დამოკიდებულება, მეორე მხრივ კი, სოციალისტური სახელმწიფოს, როგორც “უფრო დიდი დამნაშავის” მხილებაა.

აღსანიშნავია, რომ რომანი “ჭინკები”, რომელიც ფიოდორ დოსტოევსკიმ 1971-72 წლებში გამოსცა, ასევე, ავტობიოგრაფიულად შეგვიძლია მოვიაზროთ. რუსი მწერალი ციმბირში სწორედ იმის გამო გადაასახლეს, რასაც ამ რომანში მთავარ ადგილს უთმობს – რევოლუცია. შესაბამისად, ცხადია, ისიც მოგვითხრობს საკუთარ განცდილს და ამ განცდის შედეგად გააზრებულ ცნებებსზე, იდეებსა თუ ქმედებებზე.

პირველი და ერთ-ერთი საკმაოდ თვალსაჩინო მსგავსება ამ ორ რომანს შორის გახლავთ “დამნაშავის”, როგორც ავადმყოფის აღქმა. ერთი მხრივ, როდესაც “ჭინკების” პერსონაჟი, სტავროგინი, რომელიც დანაშაულებს, კლასიკური თუ არაკლასიკური გაგებით, ჩაიდენს, მალევე ვგებულობთ, რომ ის ავად იყო, რაც გონებას უბინდავდა და ამიტომ აკეთებდა ის მსგავს ქმედებებს. მეორე მხრივ კი, ალექსის “ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას” სწორედ იმის გამო უტარებენ, რომ ის ავადმყოფია, “ძალადობით არის დაავადებული”.

“მექანიკური ფორთოხალი”

თაობა

ბერჯესი ზემოთხსენებულ რომანში თავისი დროის, 1950-60-იანი წლების თანამედროვე ბრიტანელი ახალგაზრდობის პაროდირებასაც ცდილობს. ამას მწერალი იმ ენის გამოყენებით ახერხებს, რომელიც ამ პერიოდის ახალგაზრდებში ე.წ. სლენგის გამოყენების გავრცელებამ წარმოშვა. სწორედ ამ ენაზე საუბრობს რომანის მთავარი გმირი ალექსი. “მექანიკურ ფორთოხალში” შესამჩნევია რუსული კულტურის გავლენა, რომელიც, ერთი მხრივ, ნათლად ჩანს სოციალისტური მოწყობის იდეაში, მეორე მხრივ კი, ზემოთხსენებულ სლენგში. აქ გვხვდება სიტყვები, როგორიცაა, მაგალითად: “ბრატკა”, “სპორი”, “მოლოკო” (რძის ნაცვლად).

მიუხედავად იმისა, რომ სლენგ-ენის სიტყვები, უმეტეს შემთხვევაში, შემთხვევითობის პრინციპითაა შერჩეული, ბერჯესი გამიზნულად იყენებს სიტყვებს, როგორებიცაა “appy polly loggy” (apology) და “eggiweg” (egg). ერთი მხრივ, ეს სიტყვები ბავშვურ ენასთან ასოცირდება, მეორე მხრივ კი რძე (“მოლოკო”) და კვერცხი ჩვილი ბავშვის სიმბოლოა. ამით ბერჯესი ახალგაზრდების უმწიფრობას უსვამს ხაზს.

სოციალიზმი/დამნაშავე სახელმწიფო

სახელმწიფო “მექანიკურ ფორთოხალში” მრავალმხრივ სოციალისტურია. მიუხედავად იმისა, რომ ბერჯესი, ერთი მხრივ, კაპიტალიზმს, კაპიტალისტურ იდეებს აკრიტიკებს, მეორე მხრივ, აშკარაა, რომ მისთვის ადამიანის თავისუფალი ნების შეზღუდვა, ცალსახად, არასწორი და მიუღებელია. ის აშკარად უპირისპირდება სახელმწიფოს მხრიდან თავისუფლების შეზღუდვას, რომლის დროსაც ეს ორგანიზმი (სახელმწიფო) ფლობს მთელ საკუთრებას; ყველა ადამიანს აიძულოს აკეთოს ის, რაც მას, შესაძლოა, სულაც არ სურს, რადგან არ უტოვებს ალტერნატივას (ერთადერთი ალტერნატივა ციხეა, რომელიც იმდენად ბრუტალურია, რომ რთულად წარმოსადგენია ვინმეს ერჩივნოს იქ წასვლა); და ბოლოს, სახელმწიფო აკონტროლებს მედიას. ბერჯესი ყველაზე დიდ აქცენტს ამ უკანასკნელზე აკეთებს.

რომანის ერთ-ერთ საკვანძო ეპიზოდში, ალექსი ასახელებს სახელმწიფო კინოწარმოების ფირმას და მის მიმართ სიძულვილს გამოხატავს, ამასთან ერთად, საუბრობს ტელევიზიის როლზე – იმოქმედონ ბრბოს ფსიქოლოგიაზე და დაიმორჩილონ მასები.

სახელმწიფო იყენებს მასმედიას, რათა დააწყნაროს ხალხი და აღკვეთოს წინააღმდეგობა, რომელიც მათი მხრიდან არის მოსალოდნელი სიმართლის გარკვევის შემთხვევაში. ბერჯესი ამ სქემას რომანში აღწერილ “ლუდოვიკოს ტექნიკას” უკავშირებს და მათ შორის ანალოგიას ხატავს.

ორივე “საბრალო ადამიანების” კონტროლს ისახავს მიზნად, ერთ შემთხვევაში ეს გაცხადებულად ხდება (როგორც ალექსის შემთხვევაშია), მეორე კი სახელმწიფოს მიერ “ნებადართული” ფილმების ჩვენებით ახერხებს მოსახლეობის უმეცრებაში დატოვებასა და, შედეგად, მათგან მომავალი საფრთხის არიდებას.

რომანი პესიმისტურად მთავრდება – ვიგებთ, რომ ალექსის ჯგუფი არსებობას შეწყვეტს და არსებული მთავრობას კიდევ ერთხელ აირჩევენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ალექსის გადაწყვეტილებით, შეუერთდეს საშუალო კლასს, ავტორი ცხადჰყოფს, რომ ახალი თაობა მიხვდება “სოციალისტური” სახელმწიფოს დამთრგუნველ ხასიათს და გადააგდებს მას.

ბერჯესი ამბობს:

“ადამიანის ბუნებას ვერავითარი მეთოდებით ვერ გააუმჯობესებ, კეთილიცა და ბოროტიც შინაგნი ამბავია და ღვთისშვილს არჩევანის უფლება თუ არ აქვს, იმას ადამიანიც აღარ ეთქმის”

“ჭინკები”

თაობა

ფიოდორ დოსტოევსკის რომანის “ჭინკები” ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ თაობათა ცვლა და მასთან დაკავშირებული პრობლემებია. ძველი თაობის პერსონიფიცირება სტეფანის პერსონაჟში ხდება, ახალი თაობის სახე და ხმა კი მისი შვილი, პიოტრ ვერხოვენსკია. ტროფიმოვიჩი, როგორც რომანში ჩანს, მაღალი კლასის, ლიბერალური პროფესორია, რომელიც შექსპირს კითხულობს და ვარვარა პეტროვნას სტუმრებთან ერთად დასავლურ ხელოვნებას განიხილავს. ის მოძველებული რომანტიკის მიმდევარი ადამიანია, მაშინ, როდესაც რომანი წინარევოლუციურ პერიოდზე მოგვითხრობს, რომელშიც ნიჰილისტური, უტილიტარიანისტული და სოციალისტური იდეები ჭარბობს. პიოტრი კი, მისგან განსხვავებით, თავისი დროის ადამიანია. იგი სოციალისტური რევოლუციური ჯგუფის ლიდერია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ბერჯესის პესიმიზმისგან განსხვავებით, დოსტოევსკიმ ძველი რომანტიკულ-ლიბერალური თაობა სტეფანის გარდაცვალებასთან ერთად რომანშივე მოკლა და ახალ თაობას დაუთმო გზა.

სოციალიზმი/დამნაშავე სახელმწიფო

“ჭინკებში” სოციალიზმის არსის შესახებ ცხადად როდი საუბრობენ, თუმცა თავში, სახელად “ჩვენებთან” ერთ-ერთი პერსონაჟი, შიგალიოვი კაცობრიობის მოწყობის თავისეულ თეორიაზე საუბრობს:

„კაცობრიობა ორ თანაბარ ნაწილად უნდა დაიყოს. ერთ მეათედ ნაწილს მიეცემა პიროვნული თავისუფლება და განუსაზღვრელი ძალაუფლება დანარჩენ ცხრა მეათედზე. ეს ცხრა მეათედი კი დაკარგავს საკუთარ მე-ს, ასე ვთქვათ, ჯოგად იქცევა. მერე უსაზღვრო მორჩილებისა და მთელ რიგ გარდაქმნათა წყალობით პირველყოფილ უმანკოებას დაიბრუნებს და პირველყოფილი სამოთხის მაგვარ სამოთხეს შექმნის“.

ყურადსაღები და მრავლისმთქმელია, ჩემთვის, ის ფაქტი, რომ მოცემულ თავში („ჩვენებთან“) საუბარი იწყება ოჯახის, როგორც ინსტიტუციის არსებობის საჭიროების საკითხით. „საიდან გაჩნდა ეს ცრუ წარმოდგენა ოჯახზე? საიდან გაჩნდა თვით ოჯახი?“ – ეს კითხვები სოციალიზმში იბადება. მართლაც, რა საჭიროა ოჯახის ინსტიტუტის არსებობა, თუკი სახეზეა უფრო დიდი მასშტაბის ერთობა, ცხადია, ისეთივე ძალის (ან უფრო მყარი, ძლიერი), როგორიც ეს უკანასკნელი გახლავთ. “შესაძლოა, ოჯახი დანაწევრებული, ძალადაკარგული სოციალიზმის ნაშთია, რომელიც უფრო დიდი გაერთიანებიდან წევრების გარიცხვის შედეგად შეიქმნა”. ჩემი აზრით, დოსტოევსკი ამ თავში (და არა მხოლოდ) ოსტატურად ახერხებს დაგვანახოს რამდენად უტოპიური წყობაა სოციალიზმი.  უტოპია არის სწორედ ის, რომ ხალხი, რომლებიც ოთახში სხედან და „საზოგადოებისთვის საჭირბოროტო თემებზე“ და სახელმწიფო მოწყობაზე მსჯელობენ, ერთად თანაცხოვრებას, აშკარად, ვერ ახერხებენ.

შეუძლებელია მათ ერთ სივრცეში იარსებონ. ერთნი ფიქრობენ, რომ ყველა მათგანი იზიარებს გარკვეულ იდეოლოგიას და საწინააღმდეგოს დაშვებას არც კი გაივლებენ ფიქრში, თუმცა ვხედავთ, რომ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც, საბოლოოდ, ოთახს ტოვებენ და ამით ადასტურებენ იმას, რის თქმასაც ფიოდორი ცდილობს: ადამიანები ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდებიან, რომ შეუძლებელია ყველას ერთ (მსგავს) სივრცეში თანაცხოვრება, როგორც არ უნდა გვჯეროდეს, რომ სხვებსაც სწამს ის, რასაც ჩვენ ვეთაყვანებით, ვიღაცები მაინც დატოვებენ ამ სივრცეს. ამიტომ დანაწევრდება სოციალისტურად მოწყობილი ადამიანთა გაერთიანებაც.

აქ, ისევ, უნდა მოვიყვანოთ ბერჯესის სიტყვები: “ადამიანის ბუნებას ვერავითარი მეთოდებით ვერ გააუმჯობესებ, კეთილიცა და ბოროტიც შინაგნი ამბავია და ღვთისშვილს არჩევანის უფლება თუ არ აქვს, იმას ადამიანიც აღარ ეთქმის.

შეუძლებელია მათ ერთ სივრცეში იარსებონ. ერთნი ფიქრობენ, რომ ყველა მათგანი იზიარებს გარკვეულ იდეოლოგიას და საწინააღმდეგოს დაშვებას არც კი გაივლებენ ფიქრში, თუმცა ვხედავთ, რომ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც, საბოლოოდ, ოთახს ტოვებენ და ამით ადასტურებენ იმას, რის თქმასაც ფიოდორი ცდილობს: ადამიანები ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდებიან, რომ შეუძლებელია ყველას ერთ (მსგავს) სივრცეში თანაცხოვრება, როგორც არ უნდა გვჯეროდეს, რომ სხვებსაც სწამს ის, რასაც ჩვენ ვეთაყვანებით, ვიღაცები მაინც დატოვებენ ამ სივრცეს. ამიტომ დანაწევრდება სოციალისტურად მოწყობილი ადამიანთა გაერთიანებაც.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვქვათ, რომ ზემოთხსენებული ორი რომანი (ანტონი ბერჯესის “მექანიკური ფორთოხალი” და ფიოდორ დოსტოევსკის “ეშმაკნი”) მნიშვნელოვნად წააგავს ერთმანეთს ადამიანის, მისი მენტალური მოწყობის, დანაშაულისა და სახელმწიფოს მნიშვნელობის აღქმის თავისებურებებით.

ლაშა შათირიშვილი

კომენტარები

კომენტარი