კულტურა

გერმანელი მეცნიერი სასამართლოში უჩივის ქართულ მედიაში ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს

12 მარტს, 11 საათზე საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მისამართი: თბილისი, 0107, გუდიაშვილი ქუჩა 7.) გაიმართება პრესკონფერენცია გერმანელი ქართველოლოგის, პროფესორ იოსტ გიპერტის შესახებ გავრცელებულ ყალბ ინფორმაცისთან დაკავშირებით.

პრესკონფერენციას ატარებს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი პროფესორი მანანა თანდაშვილი.

პრესკონფერენციას დაესწრებიან ქართველი მეცნიერები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქართულ მედიასივრცეში გერმანელი ქართველოლოგის და კავკასიოლოგის, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორის იოსტ გიპერტის სახელით გამოქვეყნდა ტექსტი, რომლის მიხედვითაც, ქართველი ერი კულტურულად არშემდგარი ერია, რომ იგი მონობისადმი არის მიდრეკილი და ა.შ.  აღნიშნულ ფაქტს  გამოეხმაურა თავად გერმანელი მეცნიერი და კატეგორიულად უარყო ეს ფაქტი.

“იოსტ გიპერტის სახელით გამოქვეყნებულმა გაყალბებულმა განცხადებამ ქართველ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია, რის შედეგად აცქართულ სოციალურ ქსელებში გაჩნდა გერმანელი ქართველოლოგის  მიმართ გამოთქმული არაერთი უცენზურო გამონათქვამი, რაც შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ გერმანელი მეცნიერისათვის, არამედ მისი ქართველი კოლეგებისთვისაც. 

იოსტ გიპერტი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული აქტიურად თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან, მათ შორის: თამაზ გამყრელიძესთან, მზექალა შანიძესთან, ვახტანგ იმნაიშვილთან, ზურაბ სარჯველაძესთან, ზაზა ალექსიძესთან, დამანა მელიქიშვილთან, თედო უთურგაიძესთან, იზა ჩანტლაძესთან და სხვ.

იოსტ გიპერტს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეშიც. იგი აქტიურად იყო ჩაბმული ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის წარდგენის პროგრამის მომზადებაში. მანანა თანდაშვილთან ერთად იყო გამომცემელი და რედაქტორი 11 ქართული წიგნისა, მათ შორისაა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებული გამოცემა გერმანულად (ჰუგო ჰუპერტის თარგმანი), ხოლო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დღეებში პავილიონის დიდ სცენაზე წარადგინა მოხსენება ქართული ანბანისა და დამწერლობის შესახებ, რომელშიც ჯეროვნად შეაფასა ქართული ანბანის უნიკალურობა და ისაუბრა ქართული ხელნაწერების მნიშვნელობის შესახებ.   

პროფესორი იოსტ გიპერტი ქართველი ერისა და კულტურის დიდი მოამაგეა და  40 წელია ემსახურება ევროპაში ქართულიკულტურისა და მეცნიერების პოპულარიზაციას. ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ ჯეროვნად დააფასა მისი ღვაწლი და ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, 1996 წელს იგი აირჩიეს გელათის აკადემიის უცხოელ წევრად, სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად (1997 წ.). შემდგომ კი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად (2009 წ.) და შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად (2013 წ.). ” – აღნიშნულია პრესრელიზში, რომელიც “არტნიუსს” მიაწოდეს.

კომენტარები

კომენტარი