კულტურა

მარი დარიესეკი – ნამდვილი მუცლის მოშლა

მარი დარიესეკი, “შარლი ებდო”

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ

საშინელ 2015 წელს ერთი კარგი რამ მოხდა: ჰიგიენურ საფენებსა და ტამპონებზე დღგ 5,5%-მდე შემცირდა. აქამდე, ფუფუნების საგნებივით, ისინი 20%-ით იბეგრებოდა. ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ასამბლეა, თავიდან, დაუპირისპირდნენ მათ გადალაგებას პირველადი აუცილებლობის საგნების სიაში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ნახევარს მენსტრუაცია ნებით არ აურჩევია. ქალებმა ასამბლეასთან მანიფესტაცია მოაწყვეს, წითლად დალაქული შარვალი გამოფინეს, დეპუტატებს საცვლებიც კი გაუგზავნეს და მიაღწიეს იმას, რომ მათი ყოველთვიური სისხლდენა “ფუა გრას” ტარიფით აღარ დაბეგრილიყო. სხვათაშორის, ჰიგიენური საფენები ლტოლვილთა ოჯახების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას შეადგენს, ისევე, როგორც შამპუნი, ბავშვის საფენები და ზეწრები; და არა, კარგად შენიშნეთ, საპონი ან ტუალეტის ქაღალდი. ჩვენს მდიდარ ქვეყანაში, ტუალეტის ქაღალდი და საპონი ისევე უფასოდ რიგდება საზოგადოებრივ საპირფარეშოებში, როგორც ხელსახოცები სწრაფ სასადილოებში. მაშ რატომ არა – ტამპონები? “მაკდოს” ხელსახოცით ან ტუალეტის ქაღალდით მენსტრუალური ნაკადის ამოტუმბვა ბუნებრივ მოვლენას ზედმიწევნით ტექნიკურ ქმედებად აქცევს.

ვინაიდან შობაა, საშვილოსნოს თემით გავაგრძელოთ და მუცლის მოშლის ბუნებრივ მოვლენაზე ვილაპარაკოთ. ყოველი მეოთხე ორსულობა მუცლის მოშლით სრულდება: ეს, ადრე თუ გვიან, ყოველ მეორე ქალს მოსდის. მუცლის მოშლა ძალიან არასასიამოვნო რამეა. მე ამ სამწუხარო და ბანალური მოვლენის ფიზიკურ ასპექტებზე გავამახვილებ ყურადღებას. ღამეა და უცებ, საწოლი სისხლით გისველდება. დგები და… ეცემი – უკვე იმდენი სიხლი დაკარგე. ან – სამსახურში ხარ და მუცლის ქვედა ნაწილში თითქოს დაშნის დაცემას გრძნობ. ღვრი და ღვრი… და ამჩნევ რაღაცას, მყარს და ძალიან საგნობრივს: ეს ჩანასახია. მიდიხარ სასწრაფოში, მაგრამ უკან გაბრუნებენ, რადგან “სასიცოცხლო საფრთხე არ გემუქრება; სხვებს კი სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება”. უკეთეს შემთხვევაში, გაძლევენ დოლიპრანს, რომელიც საშვილოსნოს ტკივილებისთვის არაეფექტურია. მათ მხოლოდ იბუპროფენი ამსუბუქებს, თუმცა ვინაიდან იგი ჭინთვების შეწყვეტის რისკს შეიცავს, ექიმები ამჯობინებენ, “ბუნება თავის ნებაზე მიუშვან”.

ვგიჟდები ამ კონცეფციაზე. მუცლის მოშლის ბუნებრივი ტკივილი ზოგჯერ ისეთივე ძლიერია, როგორც მშობიარობისას. თანაც ეს ხდება ბავშვის დაბადების მოლოდინის და, რა თქმა უნდა, პერიდურალური გაყუჩების გარეშე. ვაგინიდან კი, სისხლის გარდა, დიდი მუქი წითელი ლეკერტები მოგდის: ხბოს ღვიძლი გეგონება. ყოველ მეორე მამაკაცს რომ მსგავსი რამ მოსდიოდეს, ჩვენი ქვეყნის ყველა საავადმყოფოში იქნებოდა სპეციალიზებული მომსახურება, გამაყუჩებლებითა და საწოლებით აღჭურვილი.

ბევრმა არ იცის, რომ საფრანგეთში პერიდურალურის გამოყენებას სიმონ ვეიმ შეუწყო ხელი, მოიპოვა რა, 1994 წელს, ჯანდაზღვევისგან მისი 100%-ით ანაზღაურება. იმავე სიმონ ვეიმ მოახდინა აბორტის ლეგალიზება. დღეს კი ვალერი რაბომ, ფინანსების რეფერანტმა, მენსტრუაციაზე გადასახადის შემცირებას მიაღწია.

მეტი ქალია საჭირო ჩვენს პოლიტიკურ ასამბლეაში!

კომენტარები

კომენტარი