არქიტექტურა, არქეოლოგია

XIII საუკუნის მონასტერთან აფეთქება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არ შეუთანხმებიათ

ფიტარეთის მონასტრიდან დაახლოებით 2  კილომეტრში, RMG Gold-ის შვილობილ კომპანია CMG-ს (კავკასიის სამთო ჯგუფი), აფეთქება  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არ შეუთანხმებია. ამის შესახებ თავად სააგენტოში აცხადებენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ  ინსპექტირების ჯგუფი საკითხში გაერკვევა და დაადგენს, შეესაბამება  თუ არა RMG Gold-ის ქმედება ნორმატიულ ჩარჩოებს. სააგენტოში მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ კომპანიას ნებართვა  არქეოლოგიურ შესწავლაზე აქვს მიღებული და ეს პროცესი გადაცდომების გარეშე ხორციელდება.

“საყდრისის კომიტეტი აფეთქებაზე საუბრობს. ეს ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც გაირკვა, RMG Gold-ის მენეჯმენტი ჩვენთან შეთანხმებას საჭიროდ არ მიიჩნევდა. ჩვენი ინსპექტირების ჯგუფი აუცილებლად გაერკვევა ამ ვითარებაში, შეისწავლის ადგილს, სადაც მოხდა აფეთქება. დასკვნის საფუძველზე გაირკვევა, იყო თუ არა სავალდებულო სააგენტოსთან ამ ქმედების შეთანხმება. განისაზღვრება, ეხება თუ არა ეს ადგილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონას. ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვეძლება იმის თქმა, იყო თუ არა მათი ქმედება ნორმატიულ ჩარჩოში მოქცეული. ზოგადად, ახალ ობიექტზე სამთო მოპოვებითი სამუშაოების შეთანხმება აუცილებელია. სააგენტომ არქეოლოგიური კვლევის ჩატარების ნებართვა გასცა. არქეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს და RMG Gold-ი პროცესს გადაცდომის გარეშე ახორციელებს. მათ ანგარიშს ჩვენი საბჭო განიხილავს და შემდეგ სპეციალური დასკვნა მომზადდება,” – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

ფიტარეთში, XIII საუკუნის მონასტერთან ახლოს, ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ საცდელი აფეთქებები განახორციელა. საყდრისის კომიტეტის წევრების მტკიცებით, მოსამზადებელი სამუშაოები არქეოლოგიური შესწავლის გარეშე მიმდინარეობდა, რაც ფიტარეთის მონასტერს და ხულუტის ციხეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

საპირისპიროს ამტკიცებენ კომპანია CMG-ში. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ წიაღისეულის მოპოვების მოსამზადებელი სამუშაოების დროს კომპლექსს არანაირი ზიანი არ მიადგება. მათი განმარტებით, შესაბამისი უწყებები საცდელი აფეთქების შესახებ ინფორმირებული იყვნენ და პროცესი კანონის დაცვითა და ლიცენზიის ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი