საშემსრულებლო ხელოვნება

“ვარ ფანტასტიკურ გარემოში, ვსწავლობ წამყვან მეცნიერებთან და არტისტებთან, ვმუშაობ პროფესიონალებთან, ვიღებ ცოდნასა და გამოცდილებას” – მარიამ ღვინიაშვილი

გასულ წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატებს შორის კონსერვატორიის სტუდენტი მარიამ ღვინიაშვილი მოხვდა, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან მაგისტრატურას ოსლოს მუსიკის აკადემიაში 3D აუდიოს მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ბრიტანელი არტისტის, ნატაშა ბარეტის კლასში გადის.

“არტნიუსი” ესაუბრა არტისტს და გთავაზობთ ინტერვიუს:

– “რას მოელით მაგისტრატურისგან” (ძველი ინტერვიუდან) – რა შეგძინათ პერიოდმა სწავლის დაწყებიდან დღემდე?

– მიმდინარე სასწავლო წელი ძალიან საინტერესო და დატვირთულია. ვარ ფანტასტიკურ გარემოში, ვსწავლობ წამყვან მეცნიერებთან და არტისტებთან, ვმუშაობ პროფესიონალებთან. ვიღებ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც მეხმარება წარმატებული ნაბიჯები გადავდგა ჩემი მიზნების მისაღწევად. ეს საუკეთესო მდგომარეობაა და მიხარია, რომ კიდევ წელიწად–ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება.

– როგორია თქვენი შემოქმედებითი ყოველდღიურობა უნივერსიტეტში და ზოგადად?

– ამ კითხვისთვის არც ისე ორიგინალური პასუხი მაქვს, რადგან ჩემი ყოველდღიურობა და ძირითადი საქმიანობა აკადემიის -1 სართულზე განლაგებულ სტუდიებში ჯდომაა. ეს ერთი შეხედვით მოსაწყენი, მაგრამ ჩემთვის და ნებისმიერი ამ მიმართულების არტისტისათვის, ყველაზე სასურველი მდგომარეობაა, რადგან, მაგალითად, საქართველოში არ გვაქვს სტუდია, სადაც 8 არხიანი საუნდ სისტემის გამოყენება შეგვიძლია ყოველდღიურად.

– სოციალურ ქსელში საკმაოდ ხშირად ვკითხულობთ თქვენი ახალ-ახალი წარმატებების შესახებ, მოგვიყევით იმ პროექტებზე, რომლებშიც გეგმავთ, ან უკვე მიიღეთ მონაწილეობა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტები თქვენი ახლანდელი თუ მომავალი საქმიანობისთვის?

– ამ დროის განმავლობაში არაერთი საინტერესო რამ მოხდა. მნიშვნელოვანი მომენტები რომ აღვნიშნო, ოქტომბერში სტენფორდის კომპიუტერული მუსიკის ცენტრის – CCRMA საკონცერტო სერიაში Transitions შესრულდა ჩემი 8 არხიანი ნაწარმოები – Hurria. მოგვიანებით, ფესტივალზე November Space შედგა ახალი, 64 არხიანი ნაწარმოების პრემიერა.

– ამჟამად, ვმუშაობ ახალ აუდიო-ვიზუალურ პროექტზე, რომელიც სელექციის გზით მოხვდა ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (Virginia Tech) Artist in Residence პროგრამაში, რაც ნიშნავს იმას, რომ აგვისტოში ერთი კვირის განმავლობაში ვიმუშავებ The Cube სტუდიაში, რომელიც აღჭურვილია 134.4 სისტემითა და 360 გრადუსიანი ვიდეო პროექციით. პროექტის პრეზენტაცია-პრემიერაც სწორედ აქ შედგება. ახლახან მივიღე მოწვევა სტოკჰოლმის ელექტრო აკუსტიკური მუსიკის სტუდიიდან EMS, სადაც 2 კვირის განმავლობაში ვიქნები რეზიდენტი არტისტი. აპრილში მიწვეული ვარ ფესტივალზე ბერგენში, სადაც ლაივ-ელექტრონიკას დავუკრავ.

ეს ყველაფერი მაძლევს უდიდეს მოტივაციას, მეტ თავდაჯერებას და, რაც ყველაზე მთავარია, – შესაძლებლობას ჩემი ნამუშევარი გავიტანო სტუდიის გარეთ და მყავდეს მსმენელი.

– საქართველოში რამდენმე საგანმანათლებლო პროექტის ჩატარებაც მოასწარით, მოგვიყევით ამის შესახებ. რა იყო/არის ამ პროგრამების მიზანი?

– დეკემბერში კონსერვატორიაში ჩავატარე ერთკვირიანი შესავალი კურსი MAX/MSP-ში, რომელიც ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის იყო გამიზნული. პროექტმა კარგად ჩაიარა და ინტერესიც საკმაოდ დიდი იყო იმის გათვალისწინებით, რომ ეს ის პროგრამაა, რომელიც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს თბილისში. რაც შეეხება მეორე პროექტს, მის განხორციელებაში თავად ოსლოს მუსიკის აკადემიამ შემიწყო ხელი. ეს იყო ერთკვირიანი ინტენსიური პროგრამა, შემდგარი ლექციების, პრეზენტაციების და კონცერტებისგან, რომლებიც ჩავატარეთ მე და ჩემმა ორმა კოლეგამ იტალიიდან და კანადიდან. გვქონდა მრავალარხიანი მუსიკის და იმპროვიზირებული ანსამბლის კონცერტები, რომელში მონაწილეობაც კონსერვატორიის სტუდენტებმაც მიიღეს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და სწორედ ამიტომ, ახლა ვმუშაობ გაცილებით ფართომასშტაბიან და გრძელვადიან პროექტზე, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წელს განხორციელდება თბილისში და რომელშიც უფრო მეტი საერთაშორისო არტისტი და ქართველი სტუდენტი ჩაერთვება.

– “როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ?” (ძველი ინტერვიუდან); რამდენად შეიცვალა ეს გეგმები ამ პერიოდის განმავლობაში?

გეგმებს რაც შეეხება, არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ ბევრი რამ დაემატა და შესაძლოა რაღაც ნაწილი იმაზე მალე განხორციელდეს, ვიდრე წარმომედგინა.

კომენტარები

კომენტარი