არქიტექტურა, არქეოლოგია

შეჰანის მონასტრის კვალს ქართველები იორდანელ და ამერიკელ მეცნიერებთან ერთად შეისწავლიან

იორდანიის სამეფოს კარაკის მხარეში, ისტორიული მდინარე არნონის (ამჟამინდელი ვადიმუჯიბი) ხეობაში შეჰანის ქართველთა მონასტერის კვალს ქართველ მკვლევარებთან ერთობლივად იორდანელი და ამერიკელი მეცნიერები შეისწავლიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

დაზვერვითი ექსპედიცია მიმდინარე წელს დაიწყება. იორდანიაში ამერიკულ კვლევით ორგანიზაციასთან სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფის სამუშაო შეხვედრისას უკვე შეთანხმდა, რომ სამეცნიერო-კვლევით პროცესში აშშ-ს ორიენტალური კვლევების საერთაშორისო ცენტრი „აქორი“ საქართველოს მხარეს ტექნიკურად დაეხმარება.

ორიენტალური კვლევების საერთაშორისო ცენტრი სააგენტოს შეჰანის უდაბნო-მონასტერის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენაში დაეხმარება.

ისტორიული წყაროების მიხედვით, შეჰანის ქართველთა მონასტერი გაბრიელ თბილელის მიერ XI საუკუნეშია დაარესებული. ცნობილია, რომ მან თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ამ მონასტერში გაატარა. XI საუკუნის 60 იან წლებში აქვე დაიკრძალა იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერის დამაარსებელი გიორგი პროხორე. შეჰანის უდაბნო-მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქს (ფილიალს) წარმოადგენდა. მონასტერმა XIII საუკუნემდე იარსება. მონასტრიდან შემორჩენილია რამდენიმე საეკლესიო ხელნაწერი. მათგან ერთ-ერთი იუერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს წიგნსაცავშია დაცული.

კვლევითი სამუშაოები მიმდინარე წელს იორდანიის სამეფოსთან ერთად ისრაელშიც წარიმართება, სადაც ქ. იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლას ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფები განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი