არქიტექტურა, არქეოლოგია

13 წლის ბიჭმა 1000 წლის წინანდელი განძი აღმოაჩინა

13 წლის ბიჭმა გერმანიაში 1000 წლის წინანდელი ვერცხლეულით სავსე ტერიტორია აღმოაჩინა. 

ბალტიის ზღვის პირად მდებარე კუნძულ რუგენზე კლასთან ერთად სამეცნიერო მოგზაურობისას, ლუკა მალაშნიჩენკომ მეტალ დეტექტორის დახმარებით, ტერიტორია აღმოაჩინა, რომელზეც, საბოლოოდ, დიდი რაოდენობით ვერცხლეული იპოვეს. 

დეტექტორის სიგნალზე 13 წლის ახალგაზრდამ მასწავლებელთან ერთად ტერიტორია ზედაპირულად დაათვალიერა და მათ სწორედ ამ დროს მიაკვლიეს ვერცხლის მონეტას. 

ამის შემდეგ, ისინი სახელმწიფოს არქეოლოგიის ოფისს დაუკავშირდნენ, რათა გათხრები სწორი ტექნიკით წარმართულიყო და თავი აერიდებინათ მოსალოდნელი გართულებებისთვის. 

ოფისმა მალაშნიჩენკო და მისი მასწავლებელი არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. 

საბოლოოდ, ტერიტორიაზე არაერთი ნივთი აღმოჩნდა, რომელიც X საუკუნით დაათარიღეს. ამ პერიდოში, კერძოდ 958-986 წლებში დანიას მეფე ჰარალდ ბლუთუზი მართავდა. მკვლევრების აზრით, სწორედ მის პერიოდს ეკუთვნოდა კუნძულზე აღმოჩენილი განძი. 

ტერიტორიაზე აღმოჩენილ ნივთებს შორის გახლავთ: ყელსაბამები, ბროშები, ჩაქუჩები, ბეჭდები და 600-მდე მონეტა. 

ჯერჯერობით, უცნობია რა ბედი ეწევა განძს, თუმცა, ერთი რამ ცხადია, მომავალში, ლუკა მალაშნიჩენკოს ნებისმიერი კოლეჯი სიხარულით მიიღებს. 

კომენტარები

კომენტარი