არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

ქართველი მეცნიერები იერუსალიმში საქართველოს ისტორიული კვალის კვლევას იწყებენ

ქართველი მეცნიერები იერუსალიმში საქართველოს ისტორიული კვალის კვლევას იწყებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ ადგილზე მოიძიონ და შეისწავლონ წინაპართა ღვაწლის ისტორია იერუსალიმში.

“თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი, ისრაელის მიწაზე უძველესი ქართული კვალის ძიებისა და კვლევის ისტორიაში ახალი აღორძინების დასაწყისია.

ქართველ მეცნიერებს დღეს საშუალება მიეცათ უშუალოდ ადგილზე მოიძიონ და შეისწავლონ ჩვენ დიდი წინაპართა ფასდაუდებელი ღვაწლის ნაშთი წმინდა მიწაზე.

მოგახსენებთ, რომ ამა წლის 19-21 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით დაარსებული „ქარულ-პოლონური მულტი-დისციპლინარული ცენტრის“ წარმომადგენლებმა, შესძლეს პირველი და მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის, ქ. იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, ბირ-ელ-ყუტის მონასტერში შემონახული უძველესი ქართული წარწერების (430წ) შესწავლის საქმეში (წლების წინ მხოლოდ ნაწილობრივ იქნა შესწავლილი).

საქართველოს საელჩოს უშუალო მხარდაჭერით, განხორციელდა ზემოთ ხსენებული ცენტის წარმომადგენელთა პირველი ვიზიტი ისტორიულ ადგილზე და საქმიანი შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს სიძველეთა დაცვის ორგანიზაციასთან, კერძოდ, საგარეო ურთიერთობათა და არქეოლოგიური ლიცენზირების დეპარტამენტის დირექტორთან პროფ. ჯონ სილეგმანთან და ფრანცისკანული მონასტრის („გაშოლტვის ტაძარი“, რომლის პატრონაჟის ქვეშაა ბირ-ელ-ყუტის მონასტერი) მესვეურებთან. ვიზიტის მიზანი გახლდათ, ხსენებული ისტორიული ძეგლის შემსწავლელი ერთობლივი ექსპედიციის ორგანიზება, რაზეც მასპინძელმა მხარემ დელეგაციას თანხმობა და სრული თანადგომა აღუთქვა. მეტიც, დაისახა პროექტის განსახორციელებელი პირველი ნაბიჯები.

საქართველოს დელეგაციას ხსენებულ შეხვედრაზე წარმოადგენდნენ: ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი; პაატა გაფრინდაშვილი, ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე; გიორგი გაგოშიძე, ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი; ქალბატონი თამარ წერეთელი, ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სპეციალისტი და „ქართულ–პოლონური მულტი-დისციპლინარული ცენტრის“ ხელმძღვანელი ბატონი რადოსლავ კარასევიჩი.” – წერია განცხადებაში.
 
ინფორმაცია ბირ–ელ–ყუტიზე

ბირ -ელ-ყუტი – V საუკუნის ქართული მონასტერი იერუსალიმში, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად, ბირ ელ-ყუტის მიდამოებში, ხირბეთ სიიარ ალ-ღანამის ჩრდილო-დასავლეთით. ააშენა პეტრე იბერმა დაახლოებით 444 წელს. აღნიშნული ქართული მონასტერი კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გარდა პეტრე იბერისა, აქ მოღვაწეობდნენ იოანე ლაზი და სირია-პალესტინაში მყოფი სხვა ქართველი ბერები. მონასტის ნანგრევები 1952 წელს აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ.

კომენტარები

კომენტარი