კულტურა

ქართულ სკოლებში ჩინური ენის სწავლება დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანს საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა წარმოადგენს.

მემორანდუმს საფუძვლად უდევს საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც განათლების ყველა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კონტაქტების დამყარებას, გაცვლით პროგრამებში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობას ითვალისწინებს.

მემორანდუმი ხელს შეუწყობს ჩინეთთან განათლების სფეროში თანამშრომლობის უფრო მეტად გაძლიერებას. ამავდროულად, ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას მისცემს, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, მოსწავლეებს ჩინური ენის სწავლება შესთავაზონ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა და მათთან განათლებისა და მეცნიერებით კუთხით თანამშრომლობა, უმნიშვნელოვანესია. სურვილის შემთხვევაში, ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩინური ენა ისწავლონ, რაც მათ მომავლში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორთან წარმატებულ ურთიერთობასა და ქართულ-ჩინური ბიზნესპროექტების განხორციელებაში დაეხმარებათ

კომენტარები

კომენტარი