არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

დაშლის პირას მყოფ სინაგოგას ბათუმში კერძო პირები აღადგენენ

ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე მდებარე ХIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ სინაგოგას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, რეაბილიტაციას კერძო პირები ჩაუტარებენ. სინაგოგის ნაწილი ოთხი წლის წინ, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს ჩამოინგრა.

სინაგოგის ჩამონგრევის შედეგად უნიკალური მემკვიდრეობა, მათ შორის კედლის მხატვრობა და საღვთისმსახურო ატრიბუტიკა ღია ცის ქვეშ დარჩა.

„ადამიანთა მცირე ჯგუფი ვცდილობდით გადაგვერჩინა ეს კულტურული ძეგლი, ბევრი ვიხმაურეთ, ბევრიც ვიწვალეთ, მაგრამ მხოლოდ ყურადღების მიქცევა შევძელით… ამ წლების განმავლობაში არაერთ ჩინოვნიკს ვთხოვე დახმარება, თუმცა უშედეგოდ. ებრაული თემის ერთ ნაწილსაც ვესაუბრე და სრულიად იმედგაცრუებული დავბრუნდი“, – წერს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, სინაგოგა ორგანიზაცია „ისრაელის სახლის“ დამფუძნებლის, იციკ მოშეს თაოსნობით აღდგება როგორც ქართულ-ებრაული მეგობრობის და კულტურის მუზეუმი.

მოშესგან თანხმობის მიღების შემდეგ ინიციატორებმა ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროშიც განიხილეს: „გავიარეთ, თუ ვინ უნდა ჩაერთოს ამაში, ვინ იმუშავებს აღდგენის პროექტზე, ვისაუბრეთ სპეციალისტების ჩართვაზე და ასე შემდეგ“.

საინიციატივო ჯგუფი ახლა გეგმავს სამუშაო ჯგუფის შექმნას, სადაც სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.

ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში თბილისსა და ბათუმში დაგეგმილია ებრაელთა სათვისტომოების საერთაშორისო კონფერენციები. ამ კონფერენციებზე იციკ მოშე სხვა დაინტერესებულ პირებსაც შესთავაზებს ძეგლის აღდგენაში მონაწილეობას.

შენობა ბათუმში, 9 მარტის ქუჩის #8-ში, 2015 წელს, მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც გვერდით ქართულმა კომპანია „გუმბათი ჯგუფმა“ თურქული კომპანიის – „ინშაათის“ დაკვეთით მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყო. ამავე წელს შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.

კომენტარები

კომენტარი