ვიზუალური ხელოვნება

სინგაპურში ლევან სონღულაშვილის მულტიმედიური სოლო პროექტი იხსნება

20 თებერვალს, 7 საათზე სინგაპურში, ფოტოგრაფიისა და ფილმის ცენტრ „Objectifs-ში” ნიუ–იორკში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ლევან სონღულაშვილის მულტიმედიური სოლო პროექტი Stoicheîon 金星  გაიხსნება.

პროექტის ნახვა ვიზიტორებს სინგაპურის გალერეა Chapel-ში 19 თებერვლიდან 24 თებერვლამდე შეეძლებათ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ორი მონუმენტური ვიდეოინსტალაცია და იაპონური ტუშით შესრულებული ნამუშევრები.

გამოფენის სათაური Stoicheîon 金星 / სტიქია ოთხი ელემენტის (მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი) ერთიანობის კლასიკურ თეორიას უკავშირდება, რომელიც ევროპულმა კულტურამ არსებობის მთავარ სუბსტანციებად განსაზღვრა. ეს გამოფენა წარმოადგენს მცდელობას, შეიმეცნოს ბუნებრივი სამყაროს განუზომლად დიდი სიმრავლე, როგორც შეზღუდული რაოდენობის ელემენტების კომბინაციები”„ – წერია ღონისძიების აღწერაში.

გამოფენა INSTINCT-ისა და ERTI Gallery-ის კოლაბორაციით იმართება.

შეგახსენებთ, რომ ლევან სონღულაშვილი სინგაპურის არტ რეზიდენციის გამარჯვებულია. ნამუშევრები ორი თვის მანძილზე სწორედ სინგაპურის ხელოვნების რეზიდენციაში იქმნებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მხატვარმა რეზიდენციის მიერ ერთი ხელოვანისთვის გამოყოფილი გრანტიც მოიპოვა.

 

კომენტარები

კომენტარი