კულტურა

გაიყიდა თუ არა სააკაშვილისთვის ფრანგულ ვებგვერდზე ვანის ყელსაბამი? – ეროვნული მუზეუმი განცხადებას ავრცელებს

გუშინ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის მეუღლე ლელა თოფურიძე, ერთ-ერთ ფრანგულ საიტზე საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გამქრალ სამკაულს 120 000 ევროდ ყიდის.

აღნიშნულმა ფოტომ, რომელიც ერთ-ერთმა ფეისბუქმომხარებელმა Mancho Menabde/მანჩო მენაბდის ექაუნთით გაავრცელა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მისი თქმით, მუზეუმიდან გატანილი ეროვნული საგანძური უკვე გაყიდულია და თანხა, ბელგიაში, მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრის ორგანიზებას მოხმარდება. პოსტის ავტორის თქმით, განცხადებაში მითითებულ ნომერზეც დაუდასტურეს, რომ აღნიშნული სამკაული უკვე გაყიდულია და უფლება არ აქვთ, გათქვან მყიდველის ვინაობა.

გავრცელებულ ინფორმაციას რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ოფიციალურ განხადებაში მუზეუმი ურყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული ყელსაბამი დაიკარგა ან, თითქოს, 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა აკლდა. 

“როგორც ფართო საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ვანის ყელსაბამი წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურის მუდმივმოქმედ გამოფენაზე, ამჟამად კი გამოფენილია ფრანკფურტის ლიბიგჰაუსის მუზეუმში ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს” – ნათქვამია განხადებაში.

“მსგავსი ცრუ ინფორმაცია გასულ წლებშიც ვრცელდებოდა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, 2013 წელს შეიქმნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წწ ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია“, რომელიც დაკომპლექტდა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. კომისიის მუშაობის შედეგად მიღებულ დასკვნაში ვკითხულობთ: „კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს“.

ოფიციალურ განხადებაში აღნიშნულია, რომ ყელსაბამი 5 მარტიდან კვლავ გამოიფინება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურში.

 

კომენტარები

კომენტარი