კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა – „დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა“ გაიხსნა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა – „დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა“ გაიხსნა და 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

გამოფენის ფარგლებში, საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, იხილოს უნიკალური ხელნაწერები: გელათის ოქრომელნით მოხატული ოთხთავი, უშუალოდ დავითთან და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ხელნაწერები – „გალობანი სინანულისანი“, „რუის-ურბნისის ძეგლიწერა“. ექსპონატებს შორის უმნიშნელოვანესია „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერები: „მარიამისეული“ ხელნაწერი, და „ქართლის ცხოვრების“ ანა დედოფლისეული ხელნაწერი.

გამოფენა, აგრეთვე, მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას:

„გააფერადე მეომრები“ – აქტივობა განკუთვნილია სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის და გულისხმობს შემდეგს: დავითის ხელნაწერების დათვალიერების შემდეგ ბავშვებს საშუალება ექნებათ მოისმონონ ისტორია დიდგორის ბრძოლის გამარჯვებისა, ხოლო შემდეგ გააფერადონ ბრძოლის სცენა ამოღებული ხელნაწერიდან „დავითნი“ – ცხენები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგი, ბრძოლის ამსახველი სცენა; ამით, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ წარმოიდგინონ დიდგორის ბრძოლის მეომრები.

„დავით აღმაშენებლის მემატიანე“ – აღნიშნული აქტივობა განკუთვნილია სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის და გულისხმობს შემდეგს: მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ჯგუფებში იმუშაონ „ქართლის ცხოვრების“ ორი ხელნაწერის ფოტო ასლზე, მარიამისეულ და ანასეულ ნუსხებზე. ორივე ხელნაწერი შეიცავს დავით აღმაშენებლის შესახებ ცნობებს. მოსწავლეები, ცოტა ხნით მოირგებენ მკვლევრის როლს და შეეცდებიან დაადგინონ რა შინაარსობრივი მსგავსება და განსხვავებაა ამ ორ ტექსტს შორის. მუშაობის შედეგს ჯგუფი საექსკურსიო ვიზიტის დასასრულს წარადგენს. მსგავსი ინტერაქტივის განვრცობა პედაგოგს შეუძლია უკვე საკლასო მუშაობის ფარგლებში.

გამოფენის ფარგლებში სალექციო შეხვედრებიც ჩატარდება. პირველი: 12 თებერვალს, 16:00 საათზე. (თემა „დავით აღმაშენებლის ანდერძი“. წაიკითხავს მზია სურგულაძე – ისტორიი დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი)
მეორე ლექცია ჩატარდება 15 თებერვალს, 15:00 საათზე. ლექციას დავით აღმაშენებლის ეპოქის შესახებ წაიკითხავს მიხეილ ბახტაძე – ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი).

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ ნომერზე: 599 899 635; 555 409 088.

 

კომენტარები

კომენტარი