ლიტერატურა

ჟოზე სარამაგუს „კაენი“, ანუ ჯოჯოხეთში შევხვდებით

ნობელის მფლობელი პორტუგალიელი ნოველისტი ჟოზე სარამაგუ უახლესი ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი გახლავთ. იგი გამოირჩევა თავისი წერის მანერით, მის ნაშრომებში შეხვდებით გრძელ, რთულ წინადადებებს (ხანდახან ერთი გვერდის სიგრძისაც შეიძლება იყოს), ირონიას, ალეგორიას და, რაც მთავარია, გამოგონილ ცნებასა ან მოვლენას, რომელიც ჩვენს რეალობას ისეა მორგებული, რომ მკითხველი ერთი წამითაც კი არ გრძნობს მასთან გაუცხოებას.

ნოველა, რომელზეც ამ ახლა ვისაუბრებთ მისი ბოლო ნაშრომია, ეს უკანასკნელი ავტორის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გამოიცა პირველად. ნაწარმოები სარამაგუსთვის დამახასიათებელ სტილში იწყება:

„როდესაც მბრძანებელმა, ასევე ღმერთად წოდებულმა, გააანალიზა, რომ ადამი და ევა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გარეგნულად სრულყოფილები იყვნენ, ვერ გამოსცემდნენ ვერანაირ ხმას, ხოლო სიტყვების წარმოთქმაზეც კი ზედმეტი იყო საუბარი, იგრძნობდა იმედგაცრუებას საკუთარი თავისგან, რადგან ედემის ბაღში არავინ იყო ვისაც უსაყვედურებდა უმსგავსო საქციელისთვის.“

სანამ უშუალოდ ტექსტის განხილვაზე გადავიდოდეთ ზედაპირულად გადავხედოთ ქრონოლოგიასა და სიუჯეტს. ნაწარმოები ბიბლიურ სიუჯეტზეა აწყობილი. ადამი და ევა ედემიდან არიან გამოყრილნი და ჰყავთ ბავშვები, მათ შორის არის კაენიც, რომელიც თავის ძმას, აბელს მოკლავს, რის გამოც ღმერთი დასჯის მას და სამუდამო სიღარიბისთვის გაწირავს.

ბიბლიაში კაენი ბოლოს მაშინ ჩანს, როდესაც იგი აშენებს ქალაქს, სახელად ენოქს, თუმცა თავად ამ ნაწარმოებში მთავარი გმირი სიამოვნებას განიცდის თავისი უსასრულო არსებობით და ბიბლიის სხვა ეპიზოდებსა და სცენებშიც ერევა, მაგალითად ძველ აღთქმაში მას აქვს სექსი ლილიტთან („immediately became a groan of pleasure when, with one thrust, he drove his penis home“), იგი ესარჩლება ისააკს, როდესაც აბრაამი („იმხელა ნაბიჭვარი, რამხელაც ღმერთია“, როგორც ავტორი უწოდებს) აპირებს შესწიროს იგი ღმერთს, კაენი სტუმრობს სოდომსა და გომორას, სინას მთას და საბოლოოდ ამთავრებს თავის ისტორიას ნოეს კიდობანში.

მთელი ამ დროის განმავლობაში იგი ეუბნება ღმერთს: „შენ ხარ ის ერთადერთი, ვინც ნამდვილად დასჯის ღირსია, მე შემეძლო მისთვის ჩემი სიცოცხლე მიმეცა, შენ რომ არ გაგენადგურებინა. ამბობ, რომ ეს უბრალოდ ჩემი გამოცდა იყო, თუმცა, რატომ ცდი იმას რაც შენ თვითონ შექმენი. იმიტომ, რომ მე ვარ სუვერენი ღმერთი ყველა ქმნილებისაო იტყვი, მაგრამ არა ჩემი და ჩემი თავისუფლების, მე მქონდა თავისუფლება მომეკლა, ისევე, როგორც შენ გქონდა უფლება შეგეჩერებინე, როდესაც აბელს ვკლავდი“.

მთელი ნაწარმოების განმავლობაში არ წყდება მთავარი ისტორიის თხრობა, რომ ნებისმიერ მკითხველს, ბიბლიის მცოდნესაც და არამცოდნესაც, შეეძლოს მოვლენების არსში გარკვევა, ამასთანავე ამ ყველაფერს თან სდევს კლიშეები, რომლებსაც სარამაგუ ირონიით ნიღბავს.

საბოლოოდ, წიგნი მთავრდება იმით, რომ კაენი თავისას გაიტანს და ღმერთს დედამიწის გადარჩენის გეგმას ჩაუშლის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს იგი ნოეს მოკლავს, მანამ სანამ კიდობანს ააშენებს და ცხოველებსა და ადამიანებს გადაარჩენს. ეს არის უდიდესი გამოხატულება იუმორისა, ირონიისა და თანამედროვე, პოსტმოდერნისტული აღქმის სამყაროს მიმართ, რომელიც ამბობს: ყველაფერი შეიძლება გამოვიყვანოთ, უფრო მეტიც, აუცილებელია, რომ გამოვიდეს სერიოზულობის ფარგლებიდან.

სარამაგუ არის მოკამათე და წუწუნა, იმდენად რამდენადაც მწერალი. ნაწარმოების განმავლობაში რამოდენიმე საშუალო დონის ხუმრობაცაა, ანუ რბილი იუმორი, რაც სასიამოვნოს ხდის კითხვის პროცესს. მაგალითად როდესაც ევა ეწუწუნება (შესჩივის) თავის ანგელოზს საკუთარ ბედზე : “ჩვენ გვძინავს ორმოში, ვჭამთ ბალახს, როგორც ღმერთი დაგვპირდა, გვაქვს დიარეა. რა არის დიარეა, ჰკითხა ანგელოზმა, სხვა სიტყვა ამისთვის არის ჩამონადენები. იმ სიტყვის მარაგს რომელიც ღმერთმა გვასწავლა ყველაფრისთვის აქვს სიტყვა.“ ან როდესაც ღმერთი გადააწყდება კაენს რომელიც უგზოუკვლოდ დადის და ფიქრობს, ამჩნევს მას : “როდესაც ღმერთმა ჰკითხა მისი სახელი თუ კაენი იყო, მან უპასუხა, “კი, არის, მაგრამ მე ის კაენი არ ვარ”

ჟოზე სარამაგუს სხვა ნაწარმოებებისგან განსხვავებით, როგორიცაა მაგალითად „სიბრმავე“, კაენი არც განსაკუთრებით ახალი სიტყვაა და არც პროვოკატიული. მწერლები ოდითგანვე იყენებდნენ ბიბლიურ ისტორიებს და მათ ვარიაციებს ქმნიდნენ, მილტონიდან დაწყებული თომას მანით დამთავრებული. თავად სარამაგუც ხშირად მიმართავდა ამ ხერხს, თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გენიალურ წიგნში, სახელად „იესოს სახარება“ მას ახალი აღთქმის უამრავი ეპიზოდი აქვს გამოყენებული, რის გამოც პორტუგალიის ხელისუფლება ხშირად ბლოკავდა მის წიგნებს ლიტერატურულ კონკურსებზე.

სარამაგუ სიცოცხლეშივე აღიარებული იყო გენიოსად. როგორც ჰაროლდ ბლუმი ამბობს, ის არის “უწყვეტი ნაწილი დასავლური კანონისა“. 1998 წლის ნობელის პრემიის დაჯილდოვებაზე, შვედურმა აკადემიამ განაცხადა, რომ ჟოზე იყო ნოველისტი, რომელიც არაჩვეულებრივად უთანხმებს წარმოსახვას, თანაგრძნობასა და ირონიას, უწყვეტად გვაძლევს შესაძლებლობას, შევიცნოთ ილუზიური რეალობა.

კომენტარები

კომენტარი