შემოქმედებითი ინდუსტრიები

შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო უნარების განვითარება სტუდენტებისთვის

სსიპ შემოქმედებითი საქართველო – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ორგანიზაციის მიზანია საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა შესაბამისი პროგრამების, პროექტებისა და საგრანტო კონკურსების განხორციელების გზით.

“შემოქმედებითმა საქართველომ” 2018 წელს ბრიტანეთის საბჭოს მიერ ინიცირებული საგრანტო პროგრამის “შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო უნარების განვითარება სტუდენტებისთვის” ფარგლებში 2 პროექტისთვის Re-Conception და UPStart მოიპოვა დაფინანსება. “არტნიუსი” ამ პროექტის ირგვლივ და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა “შემოქმედებითი საქართველოს” დირექტორს, ანა რიაბოშენკოს:

– დასაწყისისთვის ზოგადად რომ ვისაუბროთ, რა ორგანო და სტრუქტურაა “შემოქმედებითი საქართველო”, როდის დაიწყო ფუნქციონირება და რას ისახავს მიზნად?

– „შემოქმედებითი საქართველო“ 2017 წლიდან უკვე ბევრ ღონისძიებას ახორციელებს. მაგალითად, ვენეციის ბიენალე, რომლის კონკურსის ფარგლებში შეირჩა ხელოვანი, რომელიც წელს, მაისში საქართველოს ეროვნული პავილიონით ვენეციის 58–ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე წარდგება. ჩვენ, აგრეთვე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, გვქონდა შვიდი განსხვავებული გამოფენა შვიდ განსხვავებულ მუზეუმთან, რაც, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი გზით არ უკავშირდება შემოქმედებითი სექტორის განვითარებას, მაინც პასუხობს არსებულ გამოწვევებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ  2019 წელს სსიპ–მა, გარკვეულ წილად, შეიძინა ფონდის ფუნქციაც, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებიდან ერთ–ერთი სწორედ ის გახლდათ, რომ დაფინანსების მექანიზმები სამინისტროდან ორგანიზაციებზე გადასულიყო, ვთქვათ,საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ანალოგებზე, რომელთაც უკვე დიდი გამოცდილება აქვთ მსგავსი დაფინანსებების. ამ კუთხით „შემოქმედებითი საქართველო“ ითავსებს ხელოვანების მობილობას, რაც საკმაოდ მოთხოვნადია. მიუხედავად იმისა, რომ  ხელოვანებს ძალიან ბევრი მოწვევა შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალიდან, ელემენტარული სამგზავრო გრანტის არ არსებობის გამო, ხარჯებთან გამკლავებას ვერ ახერხებენ. აქედან გამომდინარე, მობილობის პროგრამა საკმაოდ წარმატებული იყო. ის წელს 15 თებერვალს გაიხსნება და 15 ნოემბრამდე გასტანს.

– როდის და რისთვის უნდა მივმართოთ “შემოქმედებით საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერისთვის?

დაფინანსების სამი მიმართულება არსებობს:

1) თანამედროვე ხელოვანების პროფესიული განვითარების მიმართულებით, რაც გულისხმობს ხელოვანების, კურატორებისა და არტ მენეჯერების ხელშეწყობას და  ქართული პროდუქტის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე.

2) თანამედროვე ხელოვნების (ფოტო, მოდა, დიზაინი, პერფორმატიული ხელოვნება) მიმართულებით. ამასთან ერთად, კონკურსი მოიცავს სახვითი ხელოვნების ხელშეწყობასაც, რომელიც ორიენტირებული იქნება თბილისსა და რეგიონებში უფრო მდგრადი პლატფორმების შექმნაზე.

3) შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებით ხელშეწყობის პროექტი.

– როგორც 2018 წელს გახდა ცნობილი,„შემოქმედებითმა საქართველომ“ მოიპოვა გრანტი რამდენიმე პროექტისთვის. რა აქტივობებს უნდა ველოდოთ ამ პროექტების ფარგლებში და რა არის მათი მიზანი?

– დიახ, „შემოქმედებითი საქართველო“ გამარჯვებული გახდა ორი პროექტით. ეს ბრიტანეთის საბჭოს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ მოხდა, რომლის მიზანიც არის შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და განათლების მეწარმეობის მიმართულებით, გარკვეული სტრუქტურების შექმნა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც, საბოლოო ჯამში, კურიკულუმის, ბუთქემფებისა და საზაფხულო სკოლების სახით შეიძლება განხორციელდეს.

ამას გარდა, პროეგრამის მიზანია ინგლისური ენის ცოდნის დონის გაზრდა სტუდენტებში, რათა მოამზადოს ისინი საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

„შემოქმედებითი ნაპერწკალის“ ფარგლებში, „შემოქმედებით საქართველოს“ აქვს ორი პროექტი, რომლიდანაც ერთ–ერთში პარტნიორი არის აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი (UEA), რომლის ძირითადი მიზანიც ამ პროექტის სათაურიდანვე ჩანს – Re-Conception / რეკონცეფცია. რეკონცეფცია ახალი ტერმინია. ამ მხრივ მუშაობა „შემოქმედებითმა საქართველომ“ ჯერ კიდევ 2017–2018 წლებში დაიწყო Urban Lab-ების პროექტების სერიით. რეკონცეფცია ნიშნავს არსებული სტრუქტურების გააზრებას და ხელახალი კონცეფციებისა და მოდელების შექმნას. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვაპირებთ მუზეუმების სტრუქტურების უფრო კომერციალიზაციას, სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას მუზეუმების ბაზაზე, რა თქმა უნდა, სტუდენტების ჩართულობით

რაც შეეხება პროექტ UpStart-ს, მისი მიზნის შემადგენელი კომპონენტები აქაც გააზრება და გადაფასებაა. მხარდამჭერები არიან თბილისის სამხატვრო აკადემია, ბრიტანული ორგანიზაცია Advantage Creative და ქართული ორგანიზაცია Creative Solution.

ძირითად პლატფორმად აღებული გვაქვს სამხატვრო აკადემია, რომელთან პარტნიორიბითაც გაიმართება ბუთქემფი. გარდა ამისა, მედიის, მოდისა და დიზაინის ფაკულტეტების მიმართულებით შემუშავდება კურიკულუმი, რაც გულისხმობს მეწარმეობის კურსის შემუშავებას ამ ფაკულტეტებზე.

ასევე, ვგეგმავთ მედია ინკუბატორის განვითარებას აკადემიის ბაზაზე.

– რომელ მუზეუმებთან ითანამშრომლებთ და რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ისინი?

– ვცადეთ, რომ მუზეუმების რამდენიმე განსხვავებული მოდელი აგვეღო. ავიღეთ გამოყენებითი ხელოვნებისა და აბრეშუმის მუზეუმები, რომლებიც, თავიანთი ისტორიიდან გამომდინარე, იყო შექმნილი, როგორც გარკვეული მეწარმეობის კლასტერი. ამიტომ, საინტერესოდ ჩავთვალეთ აქცენტი გაგვეკეთებინა, ერთი მხრივ, ისტორიაზე, მეორე მხრივ კი მათ პოტენციალზე დღევანდელ კონტექსტში.

გარდა ამისა, ავიღეთ ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი, ავიღეთ ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი, რომლებსაც აქვთ სამუზეუმო ექსპოზიცია და გეგმავენ ამ კუთხით მუზეუმის გაკეთებას. ეს არის უნიკალური მუზეუმი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც საქართველოში არსებობს.  ვფიქრობთ, რომ აქ საინტერესო იქნება ხელოვნებისა და მეცნიერების ერთმანეთთან შერწყმა.

და ბოლოს, გვაქვს აჭარის მუზეუმების გაერთიანება თავიანთი საინტერესო კონცეფციებით (რელიგიის მუზეუმი და ძმები ნობელების მუზეუმი)

– რამდენ ხანს გასტანს ორივე პროექტი და დასასრულისთვის რა მოლოდინები არსებობს?

– პროექტების ძირითადი აქტივობების ნაწილი წელსაა განსაზღვრული.

რაც შეეხება მოლოდინებს, სამწუხაროდ, ჩვენს უმაღლეს დაწესებულებებში არ არის ამ მხრივ მეწარმეობისა და მენეჯმენტის მიმართულებები, რომლებიც სტუდენტებს მისცემს ცოდნას და პრაქტიკას საკუთარი StartUp-ების განხორციელებისთვის. ამიტომ, პირველ რიგში, განზოგადებულად რომ ვთქვათ, ჩვენი მოლოდინი სტუდენტებისთვის და საზოგადოებისთვის ამის შესახებ წარმოდგენის შექმნაა. ვიმედოვნებთ, რომ მათ გაუჩნდეთ ის უნარები, რომლითაც შეძლებენ ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის წარმატების მიღწევას.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სახელოვნებო სექტორი ყოველთვის უარყოფდა კომერციალიზაციას და, გარკვეულ წილად, სტერეოტიპულად უყურებდა მას (თუ კომერციულია,  არ არის ხარისხიანი), რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. არ ვგულისხმობ სექტორის სრულ კომერციალიზაციას, მაგრამ თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ ხელოვნებამ შეინახოს საკუთარი თავი, ეს ასეც უნდა იყო. ამიტომ, ჩვენთვის დიდი მიღწევა იქნება ისიც, რომ მოხდეს ამ სექტორთა კომერციალიზაცია.

– გაგვაცანით „შემოქმედებითი საქართველოს“ სამომავლო გეგმებზე. რა პროექტებია ჩაფიქრებული?

– ძალიან რთულია ისეთი ახალი სსიპ–ის სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ, როგორიც „შემოქმედებითი საქართველოა“ . ეს არ არის სტრუქტურა, რომლისთვისაც არსებობს მხოლოდ ერთი სექტორი. „შემოქმედებითი საქართველო“ ამბიციური პროექტია, საკმაოდ დიდი ორგანიზაციაა და იმისათვის, რომ ყველა გეგმა იყოს შედეგზე ორიენტირებული და გავიგოთ რა მუშაობს საქართველოში, ჩვენ გვჭირდება ცდები.

მიუხედავად ზემოაღნიშნული პრობლემებისა, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსური პროექტი გეგმაში. ვმუშაობთ ერთიანი ონლაინ ბაზის შექმნაზე, რომლის მიზანიცაა შემოქმედებითი ინდუსტრიების გაერთიანება და თავმოყრა ერთ სისტემაში. ძალიან მწირი სტატისტიკური ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, თუ ვინ მოღვაწეობს საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებით და რამდენად წარმატებულია ესა თუ ის ორგანიზაცია. ამიტომაც, ონლაინ პლატფორმა, გარდა იმისა, რომ დაგვეხმარება აღვრიცხოთ ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები თუ კომპანიები, იგი, აგრეთვე, შემოგვთავაზებს Connect სერვისსაც, რომელიც მათ დაეხმარებათ ერთმანეთთან ურთიერთობასა და კომუნიკაციაში.

ესაუბრა ლექსო ლობჟანიძე

კომენტარები

კომენტარი